ადამიანებისა და ძაღლების მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძაღლის სრული მოშინაურება დაახლოებით 15 000 წლის წინ მოხდა. თუმცა არსებობს 36 000 წლით დათარიღებული ფრაგმენტული ნამარხებიც, რომლებიც ძაღლების მოშინაურების თარიღს კიდევ უფრო უკან წევს.
ახლახან ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლის ყოლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ძაღლის პატრონებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 36 პროცენტით აქვთ შემცირებული. ხოლო ოჯახებში, რომლებშიც ძაღლები ჰყავთ ეს რისკი 15 პროცენტით იკლებს.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ადამიანებზე განსაკუთრებულად კარგი გავლენა მონადირე ძაღლებს აქვთ. ამის ერთ-ერთი ახსნა ის არის, რომ მონადირე ჯიშის ძაღლებს ყოველდღიურად უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ, რაც სავარაუდოდ მათ პატრონებს მეტი ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს, ეს კი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ფიზიკური აქტივობის გარდა ძაღლის ყოლას ჩვენს გონებრივ ჯანმრთელობაზეც კარგი გავლენა აქვს. კვლევებით დადასტურებულია, რომ მარტოობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რეალური (და არა ვირტუალური) სოციალური ურთიერთობები ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღისთვის აუცილებელია. ძაღლი კი სწორედ ასეთი ურთიერთობების წყაროა, ის ადამიანის საუკეთესო მეგობარია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მგონი დროა, თქვენს ცხოვრებაში ფუმფულა ოთხფეხა მეგობრის დამატებაზე დაფიქრდეთ.
კომენტარები