დამეთანხმებით ალბათ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მაკიაჟის სრულყოფილად შენარჩუნება განსაკუთრებით რთულდება. მზის სხივების მოხვედრისთანავე კანი პრიალს იწყებს, რაც ქალბატონებისთვის ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის.
თემის აქტულურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საერთაშორისო დერმატოლოგებისა და სპეციალისტების რეკომენდაციები, იმისთვის, რომ ზაფხულში მაკიაჟმა დიდხანს გაგიძლოთ.
1.სპეციალისტები გირჩევენ, რომ ცხელ დღეებში ტონალური საცხი კორექტორით ჩაანაცვლოთ. მათი თქმით, ის სახეზე არასასურველი ადგილების დამალვის იდეალური საშუალებაა. გარდა ამისა, კორექტორს სხვა პროდუქტებთან შედარებით, უფრო რბილი სტრუქტურა აქვს. ეს კი კანის გაოფლიანების რისკს საგრძნობლად ამცირებს. ტონალურის ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ბბ და სს საცხები.
2. დარწმუნდით იმაში, რომ ზაფხულში ყველა თქვენი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს მზის დამცავს, იგივე SPF-ს. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ SPF ანუ მზისგან დამცავი ფაქტორი არის ნივთიერება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და კანს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. როგორც წესი, შეფუთვაზე მითითებულია SPF-ის შემადგენლობა, რაც 5-დან 100-მდე მერყეობს. SPF 5-10 საბაზისო დაცვაა და ყველაზე სუსტია, SPF 15-25 საშუალო დაცვაა, ხოლო SPF 30-100 მაქსიმალური.
3. იმისთვის, რომ ცხელ დღეებში მაკიაჟი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, სპეციალისტები გირჩევენ აუცილებლად გამოიყენოთ პრაიმერი. როგორც ისინი აღნიშნავენ, პრაიმერი იგივე ბაზა, მაკიაჟის გაკეთების დროს ერთ-ერთი უმნიშველოვნელოვანესი პროდუქტია. ის შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ გაათანაბროს კანის სტრუქტურა, დაფაროს ფორები, ხელი შეუწყოს შემდგომი პროდუქტების სწორად გადანაწილებასა და მდგრადობას.
4. ასევე, დერმატოლოგების თქმით, ზაფხულში მაკიაჟი დიდხანს გაგიძლებთ, თუ წყალგაუმტარ კოსმეტიკურ საშუალებებს გამოიყენებთ. მაგალითად: წყალგამძლე თვალის ლაინერებს, ტუშსა და წარბის პროდუქტებს. ცხელ დღეებში მათი მოხმარება თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
5. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაღალი ტემპერატურის დროს მაკიაჟის გამძლეობის გახანგრძლივების კიდევ ერთი გზა ფიქსატორი სპრეის გამოყენებაა. ის სახეზე კოსმეტიკური საშუალებების მდგრადობას 8-12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. პროდუქტი კანზე 20-30 სმ-ის მანძილიდან უნდა შეისხუროთ.
კომენტარები