ყველამ, ვისაც ოდესმე რამე დაუწერია, იცის, რომ გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გარეშე წერა ძალიან რთულია. ახალი გამოცდილება კი, რომელსაც ადრეულ ასაკში დიდად არ ვაფასებთ, წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო რთული მოსაპოვებელი ხდება.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლიტერატურული კონკურსი ლიტოდისეა მონაწილეებს სთავაზობს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იცხოვრონ და საკუთარი თავგადასავლები მხატვრულად აღწერონ. ეს შესანიშნავი გზაა ახალ გარემოში საკუთარი თავის გამოსაცდელად, თუმცა პროექტს სხვა უპირატესობაც აქვს. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ანა კორძაია-სამადაშვილისგან ისწავლონ შემოქმედებითი წერის სპეციფიკა და ადგილობრივ უნივერსიტეტებში გერმანელი მწერლებისა და გერმანული ლიტერატურის შესახებ ლექციებს დაესწრონ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 სექტემბერია და დასარეგისტრირებლად ამ ბმულს უნდა მიჰყვეთ. კონკურსის მონაწილეები მხატვრული ტექსტით შეირჩევიან, რომელიც ექვს გვერდზე მეტი არ უნდა იყოს. ნაწარმოების თემა და ჟანრი შეზღუდული არაა.
ჟიური დაასახელებს რვა მონაწილეს, რომლებიც გაემგზავრებიან შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი, თელავი, ახალციხე, ზუგდიდი – რეგიონიდან თბილისში კი გამოემგზავრება ერთი მონაწილე, რომელსაც აქამდე დედაქალაქში არ უცხოვრია. ლიტერატურული არდადეგები სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი და მასში მონაწილეობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კომენტარები