კრისტოფერ კოლუმბი (1451-1506) მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ჩინეთსა და ინდოეთამდე დასავლეთის გზით მიეღწია, მაგრამ ექსპედიციის დაფინანსება დიდხანს არავის სურდა.
კოლუმბმა, ბევრი წინააღმდეგობის შემდეგ, დაფინანსება ესპანეთის სამეფო კარიდან მიიღო.
სამი გემითა და 90-კაციანი ეკიპაჟით კოლუმბი თავის პირველ ექსპედიციაში სამხრეთ ესპანეთის პორტიდან 1492 წლის 3 აგვისტოს დაიძრა.
1492 წლის 12 ოქტომბერს კი ფეხი დადგა ამერიკის მიწაზე. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა.
ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა.
კოლუმბს დაჰპირდნენ, რომ „მსოფლიო ოკეანის ადმირალის“ და ახლად აღმოჩენილი მიწების „ვიცე-მეფის“ ტიტულს მისცემდნენ, მაგრამ პირობა დაივიწყეს.
კოლუმბს არც ფული მიუღია და არც საკუთარი აღმოჩენით ტკბობა ღირსებია, რადგან მისმა ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე.
სულ კოლუმბმა დაასრულა 4 მოგზაურობა:
- 1492, 3 აგვისტო-1493 15 მარტი;
- 1493, 25 სექტემბერი-1496 11 ივნისი;
- 1498 წ, 30 მაისი -1500 წ, 25 ნოემბერი;
- 1502 წ, 9 მაისი-1504 ნოემბერი.
ქრისტეფორე კოლუმბი 54 წლის ასაკში, სიღარიბეში გარდაიცვალა. მის სამშობლოში დიდი მოგზაურის სიკვდილი თითქმის არ შეუმჩნევიათ.
რატომ დაერქვა ამერიკას ამერიკა
კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს სახელი არა აღმომჩენის, არამედ იტალიელი ვაჭრის და მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაარქვეს.
ვესპუჩი კოლუმბის ახლო თანამოაზრე და მიმდევარი გახლდათ. სწორედ ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტი იყო.
კომენტარები