
ეკვადორში – ქვეყანაში, რომელშიც მსოფლიოს ბანანის მოსავლის დაახლოებით 30% იწარმოება, ნარკოდილერებმა შეაღწიეს და ამ ინდუსტრიის სათანადოდ გამოყენება დაიწყეს. ბანანის კონტეინერებით სავსე მანქანები მათი პროდუქტის კონტრაბანდისთვის „სასარგებლო“ საშუალება აღმოჩნდა. ამის შესახებ Associated Press წერს.
პოლიციის მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წელს ბანანის გადაზიდვებში რეკორდული – 47,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, ეს კი იმ დროს, როცა ქვეყანაში ხილის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 6,4%-ით შემცირდა. ეკვადორის პორტებში ამოღებულმა კოკაინის რაოდენობამ კი 2022 წელს 77,4 ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.
მედიის ცნობით, ინდუსტრიაში, ამ ოდესღაც მშვიდობიან ქვეყანაში ნარკომოვაჭრეების შეღწევამ, უპრეცედენტო ძალადობის განვითარებას შეუწყო ხელი,
„სროლები, მკვლელობები, გატაცებები და გამოძალვა იქ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა“, – წერია სტატიაში.
ეკვადორში ამ მოვლენების განვითარებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ის კოკაინის დიდი მწარმოებელი ქვეყნების სიახლოვეს მდებარეობს. ასევე ქვეყანას სუსტი კანონები აქვს, მიმოქცევაში კი აშშ დოლარია. ნარკოკარტელებმა მექსიკიდან, კოლუმბიიდან და ბალკანეთიდან, ამის სათავისოდ გამოყენება დაიწყეს, რაც ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე მძიმედ აისახა.
„ეს ყველას პასუხისმგებლობაა: ვისაც ის გადააქვს, ვინც ყიდულობს, ვინც მოიხმარს”, – თქვა ბანანის გამყიდველმა დალია ჩანგმა, კოკაინის ვაჭრობის შესახებ და აღნიშნა: „ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას. მათ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა“.
კომენტარები