• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის… – ნინო ქაჯაია მძიმე კოვიდისტორიას ყვება

კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის… – ნინო ქაჯაია მძიმე კოვიდისტორიას ყვება
212 ნახვა

ჟურნალისტი ნინო ქაჯაია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის ჯოჯოხეთი, რაც მან გამოიარა, ვერაფერს შეედრება.

„საავადმყოფოდან რომ გამოდიხარ და აცნობიერებ თუ როგორ გაგიმართლა, რომ გადარჩი, წინ ცხოვრებაა, ხედავ შენს შვილს, ოჯახს, იღებ შენი გასაოცარი მეგობრებისგან სიყვარულითა და თანადგომით სავსე გზავნილებს-თითქოს შენი დაბადების დღეა, ოღონდ სულ პირველი და თან შენც რომ გახსოვს და არასდროს დაგავიწყდება ისეთი დაბადების დღე. მაგრამ ამას თან სდევს სიმძიმე, რასაც შენთვის ძვირფასი ადამიანების გარდაცვალება ახლავს.

სინამდვილეში როგორია კოვიდი? პირველი სიტყვები, რაც ენაზე გადგება -ბანძი, ვერაგი, ბოროტი, დაუნდობელი, მახინჯი, უგულო, უჯიშო, უჯიგრო, ამაზრზენი და ძალიან ძალიან ცუდი! თუმცა ეს საკმარისად არ გამოხატავს იმ ემოციას რაც გეუფლება, როდესაც საავადმყოფოში დახურულ ფანჯარაშიც კი გესმის განწირული დედის კივილი, რომელსაც მიმღებში უთხრეს, რომ მისი შვილი კოვიდმა შეიწირა. მიმღები 1 სართულზეა, შენ 6 სართულზე წევხარ, მაგრამ ამ დედის კივილი ყველა სართულზე, ყველა პალატაში აღწევს. მისი შვილიც სულ ახლახან შენს სართულზე იყო, გვერდზე პალატაში- ლამაზი, ხალასი, შეშინებუული, მაგრამ გეგმებითა და იმედებით სავსე, ის ხომ რამდენიმე დღის წინ თავად გახდა დედა..

ეს კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის, დილით და საღამოს. ერთ დედას მეორე ცვლის, რადგან ყოველ დღე ძალიან ბევრ ადამიანს, მამას, ქმარს, მეგობარს, შვილს ეუბნებიან რომ ისინი დაობლდნენ, მათი საყვარელი ადამიანი აღარ არის- ისინი კოვიდმა შეიწირა. ეს ხმები საავადამყოფოდან რომ გამოდიხარ მაშინაც გახსოვს და არ გავიწყდება.

ერთ დღეს, ჩემს გვერიდით 83 წლის ბებო დააწვინეს. თბილი, ტკბილი, საოცრად თავმდაბალი, ცხინვალიდან დევნილი. ჟანგბადის ნიღბიდან მიყვებოდა თუ როგორ გამოიარა ომი, სრულიად ახალგაზრდამ როგორ დაკარგა ქმარი და მარტომ როგორ გაზარდა დევნილთა ჩასახლების 7-კვადრატულიან ოთახში 2 შვილი, მისცა მათ განათლება და ახლა როგორ ამაყობს მათი წარმატებით. იმის თქმაც მოასწრო, თუ როგორ ნანობდა აცრა რომ დააგვიანდა, (პირველი აცრიდან მე-3 დღეს დაუდასტურდა კოვიდი). „არა და კიდევ იმდენი რამ მაქვს ბებო მოსასწრები, შვილიშვილები მისახედი, იმ პატარა სახლის ეზოში, რომელიც შვილებმა მიყიდეს მოსავალი ასაღები და რაც მთავარია , უფროსი შვილი, დავითი – დასაქორწინებელი. რაც ეს გულის დაავადება დამიდგინეს სულ მე მივლის და თავისათვის დრო აღარ რჩება”-მიყვებოდა ქოშინით.

ღამით კი, ბებო ცუდად გახდა, მოუხსნელად გაკეთებული ჟანგბადის ნიღბის მიუხედავად, ჰაერი არ ჰყოფნიდა, სუნთქვა არ შეეძლო, მაგრამ მაინც მოახერხა ეთქვა :„როგორ გაწუხებ, ნინო შვილო”. დილის 4 საათი იყო და, როდესაც დასახმარებლად მედდას დავუძახე, ჩვენი არაჩვეულებრივი, ენერგიული და მოღიმარი ხათუნა აფციაური შემოქანდა და, ამ მინიატურულმა გოგომ, ბებო 1 წამში მუცელზე დააწვინა და დაუწყო მხრებზე, ზურგზე ხელების რტყმა. ეს ბრაგაბრუგი აუცილებელი იყო, რომ ბებოს ფილტვები გახსნოდა და ამოესუნთქა. ჩემი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე, არაერთ ცხელ წერტილში მომიხდა ყოფნა და გადაღება: სოხუმსა თუ ცხინვალში ომის შემდეგ, ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირანში ამერიკის წინააღმდეგ მილიონიანი მანიფესტაციის დროს, იორდანიაში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში და ა.შ, მაგრამ არცერთი ტყვიისა და სულ რამდენიმე მეტრში აფეთქებული ბომბის ხმა არ შეედრება და არ გაძრწუნებს ისე, როგორც ამ უტკბილესი, 83 წლის თეთრთმიანი ბებოს ბეჭებზე, ხათუნას ხელების მიერ ატეხილი ბრაგაბრუგის ხმა.

გამთენიისას ბებო რეანიმაციაში წაიყვანეს, უფრო სწორედ ლოგინიანად გაიყვანეს დარომ მიდიოდა ნიღბის ქვეშ ქოშინით ისევ მადლობას და ბოდიშს მეუბნებოდა -როგორ მომიარეთ და როგორ შეგაწუხე შვილო ღამეო. ვუთხარი, რომ მხოლოდ ცოტა ხნით ვუშვებდი ინტენსიურში, რადგან იქაც გაეცნოთ როგორი საოცარი ბებო იყო და მალე ისევ აქ ,ჩვენს პალატაში ველოდებოდი.

ბებო ჩვენს პალატაში აღარ ამოუყვანიათ. სულ ვეკითხებოდი ხათუნასაც და სხვა მედდებსაც: “ხომ არ იცით როგორ არის?, იქნებ, მოკითხვა გადასცეთ და ამბავი გამაგებინოთ”. თავიდან ამბობდნენ :”კარგად იქნება, იმ სართულზე ჟანგბადის უფრო ძლიერი ნაკადია”, მერე კი “მე დღეს იმ სართულზე მორიგე არ ვარ, რომ მოვიცლი აუცილებლად შევივლი” და. ა. შ.

საერთოდ საავადმყოფოში ეს დაუწერელი წესია, რომ კოვიდ პაციენტი არ უნდა ანერვიულო, მაქსიმალურად დაიცვა ცუდი ემოციისა და ამბისგან, არ უთხრა რომ რომელიმე პაციენტი გარდაიცვალა, თუ ეს თავად არ დაინახა ან გაიგო.

რეგულაციებს ყოველთვის ვიცავდი, თუმცა ფეხზე მოულოდნელი და გადაუდებელი ოპერაციის გამო აცრა ვერ მოვესწარი. როდესაც მუხლში ბოლო ინიექცია გამიკეთეს, მითხრეს, რომ 3 დღეში შემეძლო აცრა, მაგრამ სახლში დაბრუნებულს უკვე 39 მქონდა სიცხე და მეორე დილით კოვიდ დადებითი აღმოვჩნდი.

ისე, რომ არც ვიცოდი კოვიდი გადავდე ჩემს ძმას, მან კი დედას და საბოლოო ჯამში ბებიაც კოვიდით ინფიცირებული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გავიგე, რადგან ყველა მიმალავდა, განსაკუთრებით კი იმას მიმალავდნენ, რომ ჩემი გამზრდელი ბებია, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, იმდენად ცუდად იყო, რომ უკვე იმედიც გადაწურული ჰქონდათ. მაგრამ საოცრად გაგვიმართლა და ჩემი რუსუნდუ გადარჩა და 3 დღის წინ 93 წლისაც გახდა!

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ გადავიტანე კოვიდი, უკვე ვიცი სად და როდის ვიცრები.

რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებას, რელიგიურ შეხედულებასა თუ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მაგრამ ამ ყოველივეს გათვალისწინებით მაინც მოგიწოდებთ, გირჩვეთ, მოვითხოვ, გთხოვთ, უფრო მეტიც, გემუდარებით, რომ დაიცვათ ეს ოხერი რეგულაციები და აიცრათ.

რატომ?

იმიტომ, რომ თქვენ ,(ან თქვენს გამო თქვენი ახლობლები, ან სულაც უცნობი ადამიანები) არ მოხვდეთ საავადმყოფოში; იმიტომ, რომ არ გამოიაროთ ის ჯოჯოხეთი რასაც უამრავი ადამიანი გადის და რაც მეც გამოვიარე; იმიტომ, რომ ფილტვებში არ გრძნობდეთ დამსხვრეულ შუშებს და თითოეული ამოსუნთვა წამებად არ გექცეთ; იმიტომ, რომ არ იგუდებოდეთ და იხრჩობოდეთ სპაზმისა და ხველისგან; იმიტომ, რომ თქვენს პალატამდე, დახურულ ფანჯარაში არ ამოდიოდეს გაუბედურებული დედის კივილი;

იმიტომ, რომ თქვენს ოჯახის წევრებს არ უთხრან, რომ თქვენ კოვიდი ვერ დაამარცხეთ და მათ, 72 საათში არ მოუწიოთ თქვენი დაკრძალვა; იმიტომ, რომ თქვენს გამო სხვა ადამიანმა არ დაკარგოს დედა, მამა, ბებია, ცოლი, მეგობარი…

ყველა ადამიანს, ვინც კოვიდმა იმსხვერპლა უნდოდა სიცოცხლე, იბრძოდა სიცოცხლისათვის, ჰქონდა უამრავი გეგმა, ოცნება, იმედი და არავის არ გვაქვს უფლება ერთმანეთს წავართვათ ეს ყოველივე.

არც ხანდაზმული ვარ, არც არცერთი თანამდევი დაავადება არ მაქვს, უფრო მეტიც, არასდროს მომიწევია სიგარეტი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, დავდივარ ფეხით, მაგრამ კოვიდიც დამემართა, გამირთულდა, საავადმყოფოშიც მოვხვდი და ჯერ კიდევ, პოსტკოვიდ რეაბილიტაციას გავდივარ.

პ.ს ტყუილად არ მეკამათოთ, რომ ასე არ არის, მაინც ვერ შემაცვლევინებთ აზრს. აღარ გადადოთ, გთხოვთ აიცერით რა”, – წერს ნინო ქაჯაია.

ნინო ქაჯაია კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია