კიმ კარდაშიანი, რომელიც სამართლებრივ განათლებას იღებს და ამერიკის სასამართლოს უკვე არაერთი მაღალპროფილური საქმის გადახედვისკენ მოუწოდა, ამჯერად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის – ძმები მენენდეზების საქმით დაინტერესდა.
ერიკი და ლაილი ხოსე და კიტი მენენდეზების შვილები იყვნენ. ხოსე მენენდეზი წარმატებული ბიზნესმენი იყო — ოჯახი ბევერლი ჰილზში, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა და საზოგადოების მაღალ ფენას მიეკუთვნებოდა, თუმცა, რეალურად მათ იდილიურ ცხოვრებას საშინელი საიდუმლო ახლა თან. როგორც ძმები აცხადებენ, მამა მათზე ბავშვობიდან ძალადობდა.
ხოსე მენენდეზი საკუთარ შვილებს სისტემატურად აუპატიურებდა, სექსუალურად ავიწროებდა და ერთმანეთზე ძალადობას აიძულებდა, მაშინ, როცა კიტი მენენდეზმა ეს ყველაფერი იცოდა და თვალს ხუჭავდა. მართალია, ძმებზე წლების განმავლობაში აღბეჭდილი ფიზიკური და მენტალური ძალადობის კვალი გამოძიებამ აღმოაჩინა, თუმცა ერიკ და ლაილ მენენდეზები მაინც დაიჭირეს და თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯეს.
ძმებ მენენდეზებზე ახლახან სერიალი გადაიღეს – Monsters, რომელიც, მაყურებელთა დიდი ნაწილის აზრით, ობიექტურად არ ასახავს მკვლელობის მოტივს და ძმების პერსპექტივას სათანადოდ არ აჩვენებს. სერიალმა ჰოლივუდის ყურადღება ხელახლა მიმართა მენენდეზებისკენ, რომლებიც უკვე 50-იან წლებში არიან, და მათი საქმე კვლავ აქტუალური გახადა.
კიმ კარდაშიანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში ძმების საქმეზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც NBC-სთვის დაწერილი ანალიტიკური ესეს მონაკვეთია.
“დროა, ძმები მენენდეზები გათავისუფლდნენ. ჩვენ ჩვენი გამოცდილებების შედეგი ვართ. ისინი განსაზღვრავენ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. დრო ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად გვცვლის, და მეეჭვება, ვინმე თავს იმავე ადამიანად მიიჩნევდეს, როგორიც 18 წლის ასაკში იყო – მე ნამდვილად არა! თქვენ გგონიათ, რომ ლაილ და ერიკ მენენდეზების სრული ისტორია იცით. მეც ასე მეგონა,” – წერს კარდაშიანი.
კიმ კარდაშიანმა სასამართლოს მენენდეზების საქმის გადახედვისკენ და მტკიცებულებების ხელახლა განხილვისკენ მოუწოდა და საზოგადოებას აღუთქვა, რომ იქამდე არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ მენენდეზები სამართალს არ იპოვიან.
კომენტარები