ბევრი, ალბათ, პირველად გაიგებს, რომ გულით დაავადებულებისთვის საგანგებო ხატი არსებობს და ის საქართველოშია.
ეს ღვთისმშობლის ხატია და “კარდიოტისა” ჰქვია. ხატზე ღვთისმშობელი გამოსახულია ღვთაებრივი ყრმით, რომელსაც მარცხენა ხელი გულთან ახლოს უჭირავს. ამიტომაც ჰქვია ხატს “კარდიოტისა” (გულისა).
საქართველოში ამ ხატის ასლი შეიქმნა. მისი პირველწყარო კი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, დაბა კერას მონასტერშია დაბრძანებული. ცნობილმა კარდიოლოგმა, თამაზ ორაგველიძემ შეიტყო მისი არსებობა, მონასტრიდან ხატის რეპროდუქცია წამოიღო და თავის პაციენტს, გალაკტიონ ახვლედიანს აჩუქა. მადლობელმა პაციენტმა კი გადაწყვიტა, ხატი, თავის ქართულენოვან ლოცვასთან ერთად, მთელ საქართველოში გაევრცელებინა.
ლოცვა დავით ბასილაიამ თარგმნა. ხატწერა კი გოჩა ბასიაშვილს ეკუთვნის. დავით ბასილაიას თქმით, ვინაიდან საქართველოში ბევრი ადამიანია გულით დაავადებული, ხატის დაუჯდომლის, ანუ საგალობელი ლოცვის თარგმნაც აქვს გადაწყვეტილი. მისი სურვილი გახლდათ შექმნილიყო ხატის ზუსტი ასლიც.
გთავაზობთ ლოცვას, რომელიც ამ ხატის წინაშე უნდა წარმოთქვათ.
ტროპარი
საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა,
ღვთისმშობელო ქალწულო, თაყუანისვსცემთ
კეთილკრძალულებით და ამბორს-უყოფთ,
რამეთუ ჭეშმარიტად მოანიჭებ მის მიერ კურნებასა,
სიმრთელესა და სიმტკიცესა სულთა და ხორცთა ჩუენთა;
ამისთვისცა სიყუარულით გიღაღადებთ:
დიდება კეთილგანგებულებასა
შენსა ჩუენდა მომართ, უბიწოო,
დიდება მოწყალებასა შენსა მორწმუნეთა მომართ;
დიდება შენდა, ყოვლადსახიერო დედუფალო.
კარდიოტისა მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოს წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.
კომენტარები