
თბილისის მერი კახა კალაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს. დასავლელ პარტნიორებს და საერთაშორისო თანამეგობრობას კი სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
მან ასევე ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა“, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.
„უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.
მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე.
საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!“, – დაწერა კალაძემ „ფეისბუკზე“.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
კომენტარები