2015 წლის 13 ივნისს, როცა თბილისში სტიქია მძვინვარებდა, მოსკოვში ჯუნა დავითაშვილს ასაფლავებდნენ. ამ დღეს საქართველოს დედაქალაქში, სადაც ჯუნამ სახელი გაითქვა და მომავალი მეუღლე გაიცნო, ადამიანები სიკვდილს ებრძოდნენ. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედისწერა, თუმცა მისი ცხოვრება ყოველთვის მისტიკურ საბურველში იყო გახვეული…
ჯუნას ბიოგრაფიის ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ თბილისმა ქალის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა: რომ არა დიდება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოიპოვა, ოჯახურ გარემოში, ქმარ-შვილთან ერთად, მშვიდად იცხოვრებდა. აღიარების შემდეგ კი ჯუნას სულს სიმშვიდე აღარ ეწერა…
ასურელი ნათელმხილველი, მკურნალი, ასტროლოგი, პოეტი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი (ევგენია იუვაშის ასული სარდისი) 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში დაიბადა, ირანიდან ემიგრირებული იუვაშ სარდისის (ზოგიერთი წყაროთი – სარკისიანი) ოჯახში.
24 წლის იყო, როცა როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ თბილისს მოაშურა, თუმცა შესაბამისი სამსახური ვერ იშოვა და სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.
თბილისში პავლოვის ქუჩის 23 ნომერში ცხოვრობდა. სწორედ ამ ოროთახიან ბინაში მიიღო პირველი პაციენტები ჯუნა დავითაშვილმა.
თბილისში გაიცნო მომავალი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი ვიქტორ დავითაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა.
მამით ასურელი და დედით კაზაკი ჯუნა სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის – ვიქტორ დავითაშვილის გვარს ატარებდა და მას პატივისცემით მოიხსენიებდა. ჯუნას მული ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავიდან პერსპექტიული პარტიული მუშაკის ოჯახი უკმაყოფილო იყო უბრალო ოფიციანტის რძლობით, მაგრამ გოგონამ მალე მოახერხა, ყველასთვის თავი შეეყვარებინა.
კეთილი ბუნების ჯუნა ცდილობდა, დახმარებოდა ყველას, ვინც ამას საჭიროებდა, ამიტომ ალტერნატიული მედიცინით მკურნალობის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა.
ჯუნას პირველ პაციენტებს შორის იყვნენ საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი.
ალტერნატიული მედიცინის შესაძლებლობები და ჯუნას ფენომენი შეუმჩნეველი არც მოსკოვში დარჩენიათ. თბილისში, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბაიბაკოვის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფი ჩამოვიდა ჯუნას ფენომენის გამოსაკვლევად. დაადგინეს, რომ მისი ბიოველი ასჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ბიოველს და აქედან დაიწყო მისი აღიარება.
1980 წლის აპრილში, 5 წლის შვილ ვახტანგთან ერთად, ჯუნა თითქმის ძალდატანებით წაიყვანეს მოსკოვში. ქალმა ძალიან განიცადა მეუღლესთან და ოჯახთან დაშორება. „ვიქტორს უნდა მოეხერხებინა ჩვენ გვერდით ყოფნა. ის მოსკოვში შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. შოლოკოვის გამოძახებით ჩამოვიდა და სთხოვა, თუ შეიძლება, თავი დაანებეთო, მაგრამ კომუნისტია – უბრძანეს და დაემორჩილა“, – ასე იხსენებდა ჯუნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთში იძულებით გადაყვანას.
ამ დროიდან დავითაშვილის, როგორც მკურნალისა და ექსტრასენსის სახელი, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ხდება.
1980 წლიდან მოყოლებული, ჯუნა დავითაშვილმა 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეძლო. ის უარს არავის ეუბნებოდა და აღნიშნავდა, რომ მისთვის ფული ნაკლებად მნიშვნელოვანია. სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისაც ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ.
რაც შეეხება „ელიტარულ პაციენტებს“, სხვადასხვა დროს ჯუნა დავითაშვილთან მკურნალობდნენ:
- საბჭოთა კავშირის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევი და მიხეილ გორბაჩოვი;
- რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი;
- მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი;
- მსახიობები რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ჯულიეტა მაზინა, არკადი რაიკინი;
- რეჟისორები ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი; მომღერალი იგორ ტალკოვი და ბევრი სხვა.
- იმ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი, რომლის ნახვის სურვილიც მოსკოვში გასტროლებზე მყოფმა მაიკლ ჯექსონმა გამოთქვა, ჯუნა იყო.
1994 წლის ივნისში ჯუნა კოლომბოს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად აირჩიეს 5 წლის ვადით.
იმავე პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველი გახლდათ. 1994 წელს დააჯილდოვეს ხალხთა მეგობრობის ორდენით. წერდა ლექსებს, მღეროდა და ხატავდა.
2001 წელს ჯუნას უბედურება დაატყდა თავს – მის ერთადერთ შვილს, 26 წლის ვახტანგს ავარიის შედეგად ხერხემალი და ფუძის ძვალი დაუზიანდა, თავში კი უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაუჩნდა.
ვახტანგის მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, თუმცა დედამ უკონტაქტო მასაჟის წყალობით შვილის ფეხზე დაყენება შეძლო. ამის შემდეგ კი ვახტანგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეგობრებთან ერთად აბანოში წასვლა, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
ვახო დედის დაბადების დღეს – 22 ივლისს იყო დაბადებული და, როგორც თავად ჯუნა აღნიშნავდა, მათ განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდათ.
შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯუნა სახლში ჩაიკეტა და ბოლო 14 წლის განმავლობაში განდეგილივით ცხოვრობდა. ჯუნა დარწმუნებული იყო, რომ შვილი მტრებმა მოუკლეს. ორჯერ სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, მისი ენერგია გაქრა, მკურნალობა აღარ შეეძლო, სწრაფად დაბრმავდა…
ჯუნა დავითაშვილი 2015 წლის 8 ივნისს, 66 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ვაგანსკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაასაფლავეს – ეს დღე იყო 13 ივნისი, როცა თბილისში მომაკვდინებელი სტიქია მძვინვარებდა.
მას ცხოვრებაში ცნობილ ადამიანთა შორის უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მის დაკრძალვაზე, როგორც, რუსული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, მათგან ბევრი არ მისულა…
„მეცნიერებისთვის თავგანწირული მსახურებით ჯუნამ აიძულა ადამიანები, ეღიარებინათ ბიოენერგეტიკის რეალობა და ადამიანის უჩვეულო შესაძლებლობები. პრაქტიკაში მათი გამოყენების ეფექტურობა და პერსპექტიულობა“, – წერდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არსენ მედელიანოვსკი.
კომენტარები