
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ცვლილება შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის სრული მასა 3,5-ტონაზე მეტია, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და სასკოლო ავტობუსებზე.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ცვლილება თბილისში საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების ერთ-ერთი მიმართულებაა.
კომენტარები