
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, რეგიონში ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
„2018 წლის 7 თვის მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 56%-ითაა გაზრდილი, 2019 წელს ბიზნეს და ტურისტული ფორუმი გაიმართოს ბათუმში, რაც საქმიანი ტურიზმის და ზოგადად ბიზნესის კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენ სარეკლამო და სხვა ტიპის ღონისძიებებით ვახდენთ ისრაელში ჩვენი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას და ისრაელიდან ტურისტული ნაკადების სტიმულირებას,” – აღნიშნა საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
სულხან ღლონტთან საუბრისას ისრაელის ელჩმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებულ სარეკლამო აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რაც როგორც თავად აღნიშნა ისრაელში აჭარისა და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება. ისრაელი შედის ტოპ ხუთეულში, საიდანაც აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
კომენტარები