BBC Sport საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის წევრ გიორგი მიქაუტაძეს იმ ფეხბურთელებს შორის ასახელებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე, სანაკრებო დონეზე გაიბრწყინეს, ახლა კი შეუძლიათ, თავი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატშიც გამოიჩინონ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ზაფხულის რამდენიმე ვარსკვლავი მოიაზრება იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც შესაძლოა, ამ სეზონზე ინგლისის საფეხბურთო ლიგაშიც გაიბრწყინონ – „მათ შორის არის ადამიანი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს აჯობა“ – წერს BBC გიორგი ჩაკვეტაძეზე.
სტატიაში საკმაოდ ვრცლად არის განხილული ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმატებაც, რომელშიც ჟურნალისტის შეფასებით, გიორგი ჩაკვეტაძეს მიუძღვის წვლილი, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს.
„ევრო 2024-ზე ყველას მეორე გუნდი საქართველო იყო (გარდა შოტლანდიის ფანებისა, რომლებიც ნებისმიერს გულშემატკივრობდნენ, ვისაც ინგლისის წინააღმდეგ უწევდა თამაში). ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდს კი იმედები არ გაუცრუებია და ჯგუფიდან გავიდა, რაშიც დახმარება უოტფორდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაუწია. ჩაკვეტაძემ საქართველოს ოთხივე მატჩში ითამაშა, მერვედფინალში კი 4-1 დამარცხდა ესპანეთთან, რომელიც ბოლოს, ტურნირის გამარჯვებული გახდა. თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე მათ შთაბეჭდილება მოახდინეს, თურქეთთან 3-1 წაგების შემდეგ, ჩეხეთთან ფრით 1-1 „დაქამბექდნენ“, შემდეგ კი ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსან პორტუგალიასთან დასამახსოვრებელ (2-0) გამარჯვებას მიაღწიეს, რამაც ქართველი გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში ააცეკვა.
24 წლის ფეხბურთელი Vicarage Road-ს სტადიონზე თებერვალში დამკვიდრდა ბელგიური „გენტიდან“ და იმედოვნებს, რომ გასულ სეზონში უოტფორდში გატანილ ერთ ბურთს კიდევ დაამატებს გოლებს. კლუბის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი მათ შორისაა, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ ჩაკვეტაძე გუნდის თამაშზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, როგორც BBC Sport აღნიშნავს, ჩაკვეტაძე იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის გამო, შვებულებისთვის დიდი დრო არ დარჩენიათ. ქართველი უკვე დაუბრუნდა უოტფორდის რიგებს, სადაც სეზონის პირველ შეხვედრას 10 აგვისტოს, მილუოლთან სტუმრად ჩაატარებს.
კომენტარები