არაქართულ სკოლებში ორენოვანი სწავლება იწყება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების რეფორმების ფარგლებში სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას მეტი ყურადღება მიექცევა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. ასევე გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული-საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.
როგორც კობახიძე აცხადებს, იგეგმება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც მისი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის სამთავრო პროგრამის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები არ ესწრებიან.
კომენტარები