
სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით გამართული შეხვედრის დასრულების შემდგომ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ცნობით ის თავს კარგად გრძნობს. მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმისგან, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა… მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით, მათ გვითხრეს, რომ იგი არ არის დაჭრილი და მას არ აქვს ფიზიკური დაზიანება…
მოკლული გადასვენებულია პროზექტურაში, ამიტომ, მე ვარჩევდი ჯერ გავეცნო სამედიცინო დასკვნას და უკვე შემდეგ ვისაუბრო, რათა გამოვრიცხო უზუსტობები ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარში…
ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული საოკუპაციო ძალების მიერ და ცხელი ხაზით განგვიცხადეს, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე მოკლული[დახვდათ]“, – თქვა ირაკლი ანთაძემ.
მან ასევე თქვა, რომ ერთადერთი უკუკავშირი, რაც საოკუპაციო რეჟიმისგან მიიღეს, იყო, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა არ გააჟღერეს დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა და მონაცემები.
ირაკლი ანთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო მკვლელობა და არა გარდაცვალება. ასევე თქვა, რომ მოთხოვნილია ამ მკვლელობაში მონაწილე დამნაშავეების უმკაცრესი დასჯა, რომლებმაც ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს.
„ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს რომელ ტერიტორიაზე მოხვდა. ესეც ოფიციალური განცხადებაა, რასაც მე მოგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას…
დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც აქვს ზოგადად ოკუპაციას და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მხარესთვის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე ანთაძემ თქვა: „გადმოცემის საკითხი დადგება, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ და არავის ეჭვი არ ეპარება პასუხი რა იქნება“.
კომენტარები