ინტიმური ჰიგიენის წესების არდაცვა ინფექციის მთავარი რისკფაქტორია. საუბარია იმ ელემენტარულ წესებზე, რომლებიც ყველა გოგოს ჩვევად უნდა ჰქონდეს. აი, მაგალითად:
შხაპი სწორად უნდა მიიღოთ
ინტიმური ადგილები დღეში, სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა ჩამოიბანოთ თბილი (ცხელი არა!) წყლით. განსაკუთრებით აუცილებელია ამის გაკეთება დეფეკაციის შემდეგ, რათა ნაწლავური ბაქტერიების გავრცელება თავიდან აიცილოთ. კრიტიკულ დღეებში უმჯობესია, შხაპი დღეში ორჯერ მაინც მიიღოთ. თუ აბაზანა გირჩევნიათ, კარგი ქინება, თუკი წყლის დამარბილებელ საშუალებას გამოიყენებთ.
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ფრთხილად უნდა შეარჩიოთ
მოერიდეთ საპნის, შხაპის გელის, დეოდორანტისა და ბავშვის ჰიგიენური ხელსახოცების ინტიმური ჰიგიენის მიზნით გამოყენებას. ამ საშუალებებმა შეიძლება საშოსა და კანის სიმშრალე და ქავილი გამოიწვიონ და საშოს მჟავატუტოვანი ბალანსი შეცვალონ. ამის ნაცვლად, გირჩევთ, დერმატოლოგიურად და გინეკოლოგიურად შემოწმებული, მაღალი ხარისხის ინტიმური ჰიგიენის საპონი და სხვა საშუალებები გამოიყენოთ.
მხოლოდ ხელით უნდა დაიბანოთ
ინტიმურ ადგილებში კანი ძალიან ნაზი და ფაქიზია, ამიტომ მოერიდეთ აბაზანის ღრუბელის, სახეხი ხელთათმანების ან ინტიმური ხელსახოცების გამოყენებას. გახსოვდეთ, ინტიმური ზონა ყოველთვის წინა მხრიდან უკანა მიმართულებით უნდა გაიწმინდოთ და გაიმშრალოთ, განსაკუთრებით საშოს ხელსახოცების გამოყენების შემთხვევაში. თუ პირიქით მოიქცევით, დიდი ალბათობაა, რომ საშოში მავნე ბაქტერიები შეიტანოთ.
უნდა მოერიდოთ საშოს გამორეცხვას
საშოს გამორეცხვამ შეიძლება ქალის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს, ამიტომ ინტიმური ზონა მხოლოდ გარედან უნდა დაიბანოთ. საშოს გამორეცხვა სასარგებლო ბაქტერიებს ანადგურებს და პათოგენური ბაქტერიების მოხვედრას ხელს უწყობს, რაც ცვლის საშოს pH–ს (მჟავატუტოვანი ბალანსი) და ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობას.
უნდა გამოიყენოთ რბილი პირსახოცი
ინტიმური ზონის დაბანის შემდეგ გასამშრალებლად გამოიყენეთ რბილი პირსახოცი. პირსახოცი აუცილებლად დღეგამოშვებით მაინც უნდა შეცვალოთ.
ინტიმური ჰიგიენა სექსამდე და სექსის შემდეგ აუცილებელია
მავნე ბაქტერიების გავრცელების ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ინტიმური ზონა სქესობრივ აქტამდეც და მის შემდეგაც დაიბანოთ. დარწმუნდით, რომ ჰიგიენის წესებს თქვენი პარტნიორიც იცავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ინფექცია გავრცელდეს. ასევე, სასურველია სექსის შემდეგ მოშარდვა. ეს დაგეხმარებათ ბაქტერიების მოცილებაში, რომლებიც შესაძლოა შარდსადენში გავრცელდეს. თუ მენსტრუაცია გაქვთ, მოერიდეთ დაუცველ სქესობრივ ურთიერთობებს, რადგან ამ დროს ინფექციის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ჰიგიენური საფენები ყოველ 2-4 საათში ერთხელ უნდა გამოცვალოთ
ჰიგიენის საფენების 4 საათზე მეტხანს გამოყენებამ შეიძლება მავნე ბაქტერიების გავრცელება გამოიწვიოს. ერიდეთ ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენებას. ნუ გამოიყენებთ ჰიგიენურ ტამპონს, თუ გენიტალიების ინფექცია გაქვთ და არასდროს დაიტოვოთ ტამპონი მთელი ღამის განმავლობაში.
სინთეტიკა ბამბით უნდა ჩაანაცვლოთ
ბამბის ტანსაცმელი და საცვლები კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, განსხვავებით სინთეტიკისგან, რომელიც ჰაერის ცირკულაციას ბლოკავს. ჰაერის ცირკულაციის გარეშე ინტიმურ ადგილებში ტენიანობის დონე შეიძლება გაიზარდოს, რაც მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
კომენტარები