Instagram-ი მოზარდებისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის წესებს ცვლის. ქსელის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ბავშვების დაცვის მიზნით, კომპანიას პოსტების ნახვაზე ახალი შეზღუდვები შემოაქვს, რომელთა გაუქმებაც მხოლოდ მშობლებს შეეძლებათ. ახალი მოზარდების ექაუნთები სამშაბათიდან დაინერგა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ეს წესები წელსვე დაინერგება ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა ცოტა მოგვიანებით. მომავალი წლის იანვრიდან ახალი ექაუნთები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.
ახალი წესების თანახმად, მოზარდების ექაუნთები ავტომატურად გადაეცემა ყველა უკვე დარეგისტრირებულ 16 წლამდე მომხმარებელს და ყველა ახალ მომხმარებელს 18 წლამდე. ამასთან მოზარდები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 16 წელი მშობლების ნებართვის გარეშე დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გააუქმებენ. 13 წლამდე ბავშვებს ექაუნთების რეგისტრაციას კი Instagram ზოგადად კრძალავს.
18 წლამდე ყველა მომხმარებელს ავტომატურად შეეზღუდება მხოლოდ ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის ნახვა: ასეთი მასალები თინეიჯერების ლენტაში ვერ გამოჩნდება, როგორც რეკომენდებული.
გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პარამეტრებში, თინეიჯერული ანგარიშები განსაზღვრული იქნება, როგორც პირადი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა უნდა დაამტკიცონ გამოწერის ყველა შემდეგი მოთხოვნა და მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების წაკითხვა მხოლოდ აბონენტებს შეეძლებათ.
ახალი პოსტების Push შეტყობინებები ღამით გაითიშება. თინეიჯერები სოციალურ ქსელში ერთი საათის გატარების შემდეგ ავტომატურად მიიღებენ რეკომენდაციას ინსტაგრამზე გარკვეული ხნით შესვენების შესახებ.
Instagram ასევე გვპირდება ანტივერბალური ბულინგის ფილტრებს: სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც ალგორითმი შეურაცხყოფად მიიჩნევს, ავტომატურად გამოირიცხება კომენტარებიდან და ტექსტური შეტყობინებებიდან.
16-დან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ თავად გამორთონ ყველა ეს შეზღუდვა, უმცროსებისთვის კი ამის გაკეთება მშობლებს მოუწევთ.
მშობლები, რომლებიც აკონტროლებენ შვილების ანგარიშებს, შეძლებენ დაინახონ, ვისთან უგზავნიან ისინი შეტყობინებებს, მაგრამ თავად შეტყობინებებს ვერ წაიკითხავენ.
კომენტარები