დღეს ტელეკომპანია „იმედისთვის“ განსაკუთრებით მძიმე დღეა. „იმედი“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება.
„ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს , რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.
პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორი, ჩვენი მეგობარი მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი. მიშო „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის გამორჩეულ კადრებს ქმნიდა. მორიგი გადაღება კი მიშოსთვის და კიდევ ორი მფრინავისთვის სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. გამოძიება საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, საქმეს იკვლევს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედმა „საეთერო ბადე დროებით შეცვალა.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები