“მიჭირს გადმოვცე ის ტკივილიანი განცდები, რაც 27 სექტემბერს მოაქვს. გული ამომიღეს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. გადავრჩი, არ დავნებდი, მაგრამ ჩემი გული აფხაზეთშია; ჩემი ძმის საფლავი იქ არის. ჩემთვის ყოველი დილა დაბრუნების იმედით თენდება. ვნახოთ… ” – ამბობს “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია,
მალე ამ ძლიერ ქალს წიგნის მეშვეობით გაიცნობს საზოგადოება. “დედა და ილია” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს შედგება. წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი – SMH Sports-ია.
ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან – ალიკანტემდე, ომიდან – მშვიდობამდე, ტკივილიდან – გამარჯვებამდე, დაცემიდან – ჩემპიონის პედესტალამდე! ქალბატონი ინგა წიგნის თანაავტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მის ემოციურ მონათხრობს, კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა და წინ დიდი, ტკივილიანი სიამოვნება გველის.
“მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. ეს წიგნი კი მკითხველს ეტყვის, არ შეგეშინდეს. არ შეაჩერო წინსვლა!” – ამბობს ილია თოფურია.
***
ყველას არ შეუძლია ცხოვრების თავიდან დაწყება. აბა, წარმოიდგინეთ, ომისგან გათელილი 21 წლის გოგონა, ორი შვილით მოდის ჭუბერის უღელტეხილზე. მოდის ფეხშიშველი, ფეხებზე ცელოფნებ შემოხვეული, ზურგზე ზეწრით მოკიდებული ექვსი თვის პატარით, მშიერი. მოდის, მაგრამ უკან ახლად დაკრძალული ქმრისა და ძმის საფლავები ექაჩება. წინ კი, ერთდროულად, უიმედობასა და იმედს ისეა მოჭიდებული, შიშველ ტერფებზე ცივ ლაფსა და ტალახს ვერ გრძნობს… გადარჩა, ფონს გავიდა, ადგა და სვლა განაგრძო…
გიორგი კეკელიძე ამბობს, ეს წიგნი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის წყალობით, ბესთსელერობისთვისაა “განწირულიო”. ასეც იქნება.
ინგა ბენდელიანი- თოფურია: ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, კლასელია. მასთან მქონდა ნათქვამი, რომ ჩემი ტკივილი წიგნად მინდოდა მექცია. შემდეგ პერიოდულად, სულ მეხმიანებოდნენ ადამიანები და ილიაზე წიგნის დაწერას მთხოვდნენ. მათ შორის, უცნობები. ვერავინ მოვიდა ისე ახლოს, როგორც გიორგი. მწერალი ფსიქოლოგიცაა, ვისთანაც გამჭვირვალე უნდა იყო და შეგეძლოს თავისუფლად ისაუბრო. მასთან სულიერ კავშირში იყო. მივედი დედა თინათინთან. გიორგიც იქ იყო. გავიცანი. მას თავდაპირველად მხოლოდ ილიაზე სურდა წიგნის დაწერა. თუმცა ვუთხარი, მე უფრო მეტი მაქვს სათქმელი-მეთქი…
გიორგის წერის მანერა ჩემთვის ახლობელია და მისი გამოჩენა ამ წიგნის დასაწერად, მე პირადად, დიდ საჩუქრად მივიღე.
საქმე, მეც და გიორგისაც, ალბათ, იმან გაგვიადვილა, რომ მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემს ტკივილს და სიხარულს მშრალად ვერ გადმოვცემ. ამდენად, ჩვენ შორის ძლიერი ემოციური ველი გაჩნდა. ჩემი მონათხრობი გიორგიმ ზუსტად ისე გადმოსცა, როგორც მინდოდა. დამუშავებულ თავს რომ გამომიგზავნიდა, პრაქტიკულად შენიშვნა არ მქონია. არაერთხელ ვთქვი ოჯახის წევრებთან, გიჟთან ვმუშაობ-მეთქი. გიორგის ვუყვებოდი, ვთქვათ, ალიკანტეზე, უცებ გამაწყვეტინებდა, ქალბატონო ინგა, სოხუმში ამა და ამ დღეს… და მკითხავდა რაღაც სხვაზე. ვფიქრობდი, კონტექსტიდან არ ამოვარდეს-მეთქი. სინამდვილეში, თავში ალაგებდა ინფორმაციებს, ახლანდელსა და 20 წლის წინანდელს. და ფაზლიც შეკრა. თავი საუკეთესოდ გაართვა. კმაყოფილი ვარ…
***
მეორე ქალიშვილზე 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მეუღლე და ძმა სამხედრო დავალების დროს ერთად რომ დაიღუპნენ. აგარაკზე ვიყავით გულრიფშში, რადგან სოხუმში ჩვენი სახლი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. გულრიფშშიც პრაქტიკულად წინა ხაზზე ვიყავით, მაგრამ უფრო დაზღვეული იყო, შედარებით.
ორივე ერთად გავიდა სახლიდან. 5 დეკემბრის საღამო იყო. დაჭრილები გადაჰყავდათ. მერე თავიანთი სამხედრო დავალება ჰქონდათ და რამდენიმე საათში, კარზე მომიკაკუნეს… 21 წლის ვიყავი, დღეს 53 წლის ვარ, კაკუნის ხმას მას შემდეგ ვერ ვუსმენ. ჩემს კარზე ვერავინ დააკაკუნებს, გაფრთხილებულია ყველა. ვინმემ რომ მომიკაკუნოს, შეიძლება სასწრაფოს გამოძახება დამჭირდეს…
იმ ღამით შემზარავად ბნელოდა, ძაღლები ყეფდნენ. ჩემს ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, მეზობლის ძმა გარდაიცვალა და წივილ-კივილი ატყდა. ეს შემზარავი ხმები სულ ყურში მაქვს. არ არსებობს დედამიწის ზურგზე რაიმე ფსიქოლოგია, რაც მე ამ ხმებს დამავიწყებს. მიუხედავად ჩემი სიძლიერისა, ვერაფერი მოვუხერხე ამ ჩაბეჭდილ ხმებს.
…მეზობლისგან დავბრუნდი, წამოვწექი. და ჩემს კარზე ბიძაჩემმა და დეიდაჩემმა დააკაკუნეს…!
შორიდან დავინახე მაშინდელი სასწრაფო დახმარების მანქანის მოტრიალე შუქი. ბიძაჩემს ჩავეხუტე და რომელი გარდაიცვალა-მეთქი ვკითხე. 21 წლის ასაკში, შვიდი თვის ფეხმძიმემ, ორი წლის ბავშვით ხელში, თოვლში, უკუნ სიბნელეში… დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი ამის კითხვა?!
ორივეო…!!!
ჩემი ქმარი რომ მიდიოდა, წინდები გამხადა და ჩაიცვა, ციოდა. რომ გააღეს “სასწრაფოს” კარები, პირველი ეს წინდები დავინახე! ასე მეგონა, ჭკუიდან გადავედი. არაფერი მახსოვს! მახსოვს მიწის გემო! არ ვიცი, სიმწრისგან როგორ შევძელი იმ გაყინული მიწის ჩაბღუჯვა და მისი ჭამა! ვერასდროს გადმოვცემ იმ შეგრძნებას… იმ დიდი ტკივილისას… გიორგის ეს ყველაფერი საოცრად აქვს წიგნში გადმოცემული.
ორივე დავკრძალეთ და დედაჩემს უთხრეს, ბიჭი მოგიკვდათ და ესეც ვერ გადარჩებაო. ამიტომ ქუთაისში გადავფრინდით. შემდეგ მარიამი თბილისში დაიბადა. მერე შევარდნაძემ პერემერიას მოაწერა ხელი და ჯარისკაცების თვითმფრინავით დავბრუნდით უკან, აფხაზეთში. 27 სექტემბრამდე იქ ვიყავით…
აგარაკზე ვიყავით, კამაზი რომ მოადგა ჭიშკარს, სოფელში აღარავინ იყო დარჩენილი. მამა ნიჩბით იდგა და მიწას თხრიდა. ამოთხრილ მიწაში ჩავდგები, თუ მომკლავენ, მიწაში მაინც ვიქნებიო. ვეუბნებოდი, ბავშვებიანად ვრჩები და ყველას დაგვხოცავენ, ჩვენი ცოდვა შენ დაგედება-მეთქი. ათი წუთი წლებივით გაიწელა. 20 კილომეტრში რუსები იყვნენ. და პირდაპირ წავედით იქით, საიდანაც ტანკის ლულები ჩანდა. სხვა გზა არ იყო. ეს გზა უნდა გაგვევლო, რომ ჭუბერზე გადასვლა მოგვესწრო. ჭიშკრებთან ადამიანები იდგნენ, არ იცოდნენ სად წასულიყვნენ… მივდიოდით იმედით. იმედი მაგარი რამეა!..
27 სექტემბერს წამოვედით და 12 დღე ჭუბერზე ვიარეთ. სამი დღე ფეხსაცმელი მქონდა, ღვთის წყალობით და მერე ესპადრელები ტალახში ჩამრჩა. ცელოფნის პარკებშემოხვეულმა ჭუბერი ორი ბავშვით გადმოვიარე. ანა ფეხით მოდიოდა, ხან მამაჩემი აიყვანდა ხელში. მარიამი კარვებში 6 თვის გახდა. ზეწრით მობმული მყავდა ზურგზე. დღესაც დეფორმაცია მაქვს ბეჭის. ექვსი თვის ბავშვის 12 დღე ზურგით ტარება იოლი არ არის. ჭუბერი საშინელებაა. მთავარია, გადავრჩით. დანარჩენი დეტალები წიგნში ისე კარგად არის გადმოცემული, რომ უკეთ ვერ მოვყვები.
საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იმდენი დევნილია, ვერასოდეს ვერ იტყვი, რომ შენი ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე – სხვისი. იმდენი ტკივილი აქვს ხალხს გადატანილი, მოუშუშებელი ტრაგედიები… მართლა უგულო უნდა იყო და საქართველო არ უნდა გტკიოდეს, რომ ეს ყველაფერი არ გაითავისო, არ გახსოვდეს… ერთადერთი, რაზედაც ყველა უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია! შეურიგებელი ვიქნები და მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ რუსეთი პოლიტიკის წინააღმდეგ. არა მგონია, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, რუსეთის გარეშე კონფლიქტი ყოფილიყო. წიგნში აფხაზეთის ტკივილიც არის გადმოცემული. ომი რომ დაიწყო, როგორც ჩვენ ვიყავით შოკირებულნი და სასოწარკვეთილნი, ისე იყვნენ აფხაზებიც. მე ის საწყალი მეზობლები მყავს მხედველობაში, რომლებიც ისევე არ იყვნენ აზრზე, რა მოხდა და რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ და არა ისინი, ვინც რუსებთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ ომობდნენ.
***
არ დავნებდი. სიცილი მომიწია მაშინ, როცა ყველაზე მეტად მეტირებოდა. მომიწია არტისტად გადაქცევა. ოჯახი რომ მეორედ არ შემექმნა და ცხოვრება არ გამეგრძელებინა, ისევ 27 სექტემბერში ჩავრჩებოდი. ადამიანმა არ იცის, რა რესურსია მასში დაკონსერვებული. რომ არა აფხაზეთის ომი, მე ასეთ სიძლიერეს ვერ გამოვიჩენდი. იქ, სოხუმში მცხოვრებს, ხმამაღლა საუბარიც არ შემეძლო. ჩემი ხმა ტელეფონში არ ესმოდათ. დედა რომ მიშვებდა მეზობელთან, ვთქვათ, წნევის აპარატი გამოართვიო, ორი დღე ვტიროდი. ვიქნებოდი ნაზი და საყვარელი გოგო; პრინცესული ცხოვრებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომმა ჩემში ძლიერი ქალი გამოაღვიძა. ფორსმაჟორში უნდა გადამეწყვიტა დაოჯახებაც. 90-იან წლებში, აფხაზეთიდან დევნილს, რუსთავში ჩასახლებულს ხელი მთხოვეს. მომავალი სწორად უნდა დამელაგებინა… და მეც განვაგრძე სვლა.
ასეა, ომმა პრაგმატულობა შემძინა. მას შემდეგ არანაირ დაბრკოლებას არ ვუშინდები.
ჩემი მეოთხე შვილი, ილია რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი. დავახასიათო? პირველი, რაც ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე არის მისი სენტიმენტალობა. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლები იქ დარჩნენ. პირველი ახალი წელი იყო ბებია-ბაბუის გარეშე. ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ტრადიცია გვაქვს – “მრავალჟამიერს” ვრთავთ და ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ გაიგონა და ბებია-ბაბუა გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და ტიროდა…
მენტალურად ძლიერია, მაგრამ სენტიმენტები ეძალება როცა ვიღაც ენატრება, როცა ნახავს, რომ ვინმეს უჭირს. ამბობს, ჩემი ისტორიით მინდა ბევრს მოტივაცია მივცეო. ძალიან სამართლიანი, კეთილსინდისიერი და საოცრად მშრომელი ადამიანია. მე ახლა მას ვახასიათებ, როგორც დამკვირვებელი, რომელიც წლებია მოჰყვება და არა, როგორც დედა. მე რომ ჩემში დედას არ ვბლოკავდე, მე მის ბრძოლებს ვერ ვუყურებდი.
მშობელმა შვილს მადლობა სულ არ უნდა ახდევინოს. თავადაც უნდა ისწავლოს მადლობის გადახდა შვილისთვის. მადლობა ილიას კეთილსინდისიერებას, მან გზა ისე გააგრძელა, როგორც ჩავიფიქრეთ და დღეს ისეთ მოცემულობაშია, შემიძლია როგორც მისმა გულშემატკივარმა, ტაში დავუკრა. ბრავო! შემიძლია მადლობა უსაზღვროდ ვუხადო ოთხივე შვილს და ილიას მით უფრო. ის ჩემპიონია.
ილია ორივე მშობელს გავს. მამამისი, ზაზა აფხაზეთის ომში ნაბრძოლი მეომარი კაცია, სამხედრო გზა გაიარა. ძლიერია და ეს სიძლიერე, ილიას, მისგანაც აქვს, თუმცა მეტწილად მე მგავს. მე ბევრად უფრო ოპტიმისტი ვარ.
ოთხივე შვილს შთავაგონებდით, “შენ შეგიძლია, გამოგივა, შეძლებ”. თითქოს ბანალურია, მაგრამ შვილს უნდა უთხრა, რომ შეუძლია. ცუდ ნიშანზე არ უნდა ლანძღო. ეს ძალიან მოქმედებს ბავშვზე, მოზარდზე. თუმცა ყოველთვის ყველაფერს, შვილებს ვერც მე ვუწონებ.
ილია 28 წლისაა, მაგრამ ჩემთვის მაინც ის პიპოა, როგორც პატარაობიდან ვეძახით დღემდე. ის პატარა პიპოა…
პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ, რადგან არ მინდა საზოგადოების თვალში შეიცვალოს და ვეუბნები, შინაგანად ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერზე საშინელი დღეები ფეხშიშველმა და მშიერმა გადმოიარა-მეთქი. არ დაგავიწყდეს, რომ დედაშენი დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი აქვს.
ვთხოვ, არასოდეს დაივიწყო საიდან მოდიხარ და არასოდეს თქვა, რომ ღარიბი ქვეყნიდან ხარ-მეთქი. ის სიღარიბე, რაც მის ბავშვობაში იყო, რუსეთის წყალობით გვჭირდა და არა იმიტომ, რომ გაჭირვებული ქვეყანაა და ზარმაცი ერი ვართ. არა! ვეუბნები, თუკი რაიმე დაგაკლდა საქართველოში, იცოდე, რომ რუსების წყალობით დაგაკლდა-მეთქი.
ყველაზე მშრომელი და ღირსეული დედები ქართველებს ჰყავთ.
ჩვენ 18 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. რეალ მადრიდის სპორტსმენების რაიონში ცხოვრობს. დაცვის კუთხით, იქ უფრო მშვიდადაა.
ამაყი? ამაყი იმით ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. თავაწეული დავდივარ და სულ თავს ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით ბევრ დედას შეიძლება იმედი გაუჩნდეს და ეს მახარებს.
გიორგი კეკელიძე: ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით – სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.
ვფიქრობ, რომ წიგნი “განწირულია” ბესტესელერობისთვის” და ეს, ცხადია, დიდწილად, სწორედ ქალბატონი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის მიზეზით – აფხაზეთი, ომი, სისხლი, ჭუბერი, დევნილობა, ორგზის ემიგრანტობა, ჩემპიონი შვილი – უამრავი მიზეზი არსებობს ამ წიგნის წაკითხვის.
მკითხველისთვის ეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალის ხელახლა გადავლება და სულაც, გაცნობაა – ახალი თაობისთვის, მაგალითად.
კომენტარები