იაპონელმა მილიარდერმა, რომელიც მთვარეზე მოგზაურობისთვის მეწყვილეს ეძებდა, ძიება შეწყვიტა, რადგან მარტო წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსაკუ მაეზავამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
44 წლის მაეზავას მთვარეზე მოგზაურობისას რეალითი შოუს გაკეთება სურდა. გადაწყვეტილების შეცვლა მილიარდერმა „პირადი მიზეზებით“ ახსნა, თუმცა უფრო დეტალურად არაფერი უთქვამს. მილიარდერმა ტელეკომპანია AbemaTV-ს, რომელსაც შოუს ტრანსლირება უნდა განეხორციელებინა, მოუბოდიშა. მან ბოდიში მოუხადა იმ ქალებსაც, რომლებიც შესარჩევ ტურში ჩაეწერნენ.
ის, რომ იუსაკუ მაეზავა კომპანია SpaceX-ის პირველი ტურისტი იქნება კოსმოსში, ცნობილი 2018 წლის შემოდგომაზე გახდა. გეგმის თანახმად, 2023 წელს ის Starship-ის ხომალდით მთვარეს წრეს შემოუვლის. მინიმალური დაშორება ხომალდსა და მთვარეს შორის 200 კილომეტრი იქნება.
უცნობია რა ოდენობის თანხა გადაიხადა მაეზავამ კოსმოსში მოგზაურობისთვის. მისი ქონება 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომელიც მაეზავამ ონლაინ-მაღაზია Zozotown-ს დახმარებით დააგროვა.
კომენტარები