ჰიუ გრანტმა ბრიჯიტ ჯონსის შესახებ მეოთხე ფილმზე მუშაობის დეტალებზე ისაუბრა. მსახიობმა BBC-სთან განაცხადა, რომ ეს იქნება „კარგი, გულისამაჩუყებელი და საოცრად სასაცილო ისტორია“, თუმცა ამასთან ის ასევე „ძალიან, ძალიან სევდიანი“ იქნება.
გრანტმა, რომელმაც ფრანშიზის პირველ ორ ფილმში დენიელ კლივერის როლი შეასრულა, აღიარა, რომ თავიდან მეოთხე ფილმში დაბრუნება არ სურდა, რადგან თავისი პერსონაჟის განვითარების გზას ვერ ხედავდა, თუმცა ავტორებმა ის მსახიობთა სიაში „მაინც ჩააკვეხეს“.
„კლივერი ახლა 60 წელს არის გადაცილებული. აღარ შეიძლება ისევ ძველებურად გააგრძელოს თავისი გზა და ახალგაზრდა გოგოებს გააყოლოს თვალი“, – აღნიშნა გრანტმა და თქვა, რომ თავისი გმირისთვის სიუჟეტურ ხაზზე თავად იმუშავა და მას „საკმაოდ კარგი“ ისტორიაც მოუფიქრა.
საკულტო რომანტიკული კომედიის ახალი ნაწილი ჰელენ ფილდინგის რომანს „ბრიჯიტ ჯონსი: ვგიჟდები ბიჭზე“ ეყრდნობა. წიგნში მთავარი გმირი უკვე 50 წელს არის გადაცილებული, მისი მეუღლე მარკი გარდაცვლილია და ბრიჯიტს მარტოს უწევს 2 შვილის აღზრდა. ამ ეტაპზე უცნობია გაიმეორებს თუ არა ფილმი წიგნში აღწერილ ყველა მოვლენას, თუმცა ფილდინგი სურათის სცენარისტია.
თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან რენე ზელვეგერი (ბრიჯიტ ჯონსი) და კოლინ ფერტი (მარკ დარსი). სურათის პრემიერა 2025 წლის თებერვალში უნდა შედგეს.
პირველი ფილმი „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და ბრიტანულ კლასიკად იქცა.
კომენტარები