ჰიპოკრატე ისტორიაში შევიდა, როგორც “მედიცინის მამა”. ის იყო ადამიანი, რომელმაც მედიცინა ფილოსოფიისა და რელიგიისგან გამოყო და მეცნიერების რელსებზე გადაიყვანა. მანამდე კაცობრიობა დაავადებებს ხალხური და „ზებუნებრივი ძალების“ საშუალებით ებრძოდა.
ჰიპოკრატე ძვ.წ. V საუკუნეში დაიბადა. მას შემდეგ, რაც მეცნიერმა მედიცინის პრინციპები ჩამოაყალიბა, 2500 წელი გავიდა, თუმცა მათგან ბევრი დღესაც აქტუალურია.
ვნახოთ რას ამბობდა ანტიკური მედიცინის რეფორმატორი და რას ფიქრობს მის სწავლებებზე თანამედროვე მეცნიერება.
„ადამიანის სული სიკვდილამდე ვითარდება“
ჯერჯერობით სულის არსებობის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სულში შეიძლება ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თვისებების ერთიანობა ვიგულისხმოთ.
ჰიპოკრატემ პირველმა აღმოაჩინა, რომ ასაკის მატების მიუხედავად, ადამიანი განვითარებას არ წყვეტს. მან შეიძლება მხოლოდ შემდგომი განვითარების მოტივაცია დაკარგოს.
თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ასაკის მატების გამო ადამიანის მიერ ახლის შეცნობის უნარი ნელდება, თუმცა ახალი ნეირონები მუდმივად წარმოიქმნება და ახალი ნეირონული ქსელები ყოველდღიურად იქმნება.
თუ ტვინს ან სხეულს რეგულარულად ტვირთავთ და ავარჯიშებთ, მაშინ სხეული სიახლეებს უკეთ უმკლავდება.
თუ კომფორტის ზონაში ჩაიძირეთ და მისი დატოვება არ გსურთ, მისი განვითარება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთული ხდება. ისწავლეთ, იმოქმედეთ, ივარჯიშეთ, განვითარება არასდროს არის გვიან – ამას გვასწავლიდა ჰიპოკრატე და იმავეს ამბობს თანამედროვე მედიცინა!
„სანამ ადამიანის მკურნალობას დაიწყებთ, ჰკითხეთ, მზად არის თუ არა, უარი თქვას იმაზე, რამაც ავად გახადა“
ისეთი დაავადების მკურნალობისას, როგორიც ალკოჰოლიზმია, ექიმის ოსტატობის გარდა, პაციენტის მონდომება და დისციპლინა უმნიშვნელოვნესია, ხოლო დისციპლინა პაციენტის მოტივაციის გარეშე შეუძლებელია.
როცა საქმე მავნე ჩვევების (ამ შემთხვევაში ალკოჰოლიზმის) უარყოფას ეხება, ექიმს პროცესის მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ პაციენტის თავშია.
„დიეტური საშუალებების მოქმედება ხანგრძლივია, წამლების მოქმედება კი ხანმოკლე“
საკვების შესახებ ჰიპოკრატეს კიდევ უამრავი მსგავსი გამონათქვამი აქვს.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის მთავარი მნიშვნელობა აქვს საკვებს, რომელსაც ყოველდღიურად და მრავალი წლის განმავლობაში ვჭამთ. გასაოცარია, როგორ მიხვდა ამას საუკუნეების წინ მცხოვრები მეცნიერი და როგორ ვერ ხვდება ამას თანამედროვე ადამიანების უმეტესობა?
ჰიპოკრატე პირველი იყო, ვინც საკვებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი აღმოაჩინა. დიახ, მედიკამენტები გვეხმარება, მაგრამ ეს უფრო სიმპტომებთან ბრძოლაა, ხოლო ჯანმრთელობა ისეთ რეგულარულ, საბაზისო საკითხებს ეფუძნება, როგორიც ჩვენი საკვებია.
ადამიანის სხეული მილიონობით წლის მანძილზე, იმ დროს ყალიბდებოდა, როდესაც ტკბილი საჭმელი საერთოდ არ არსებობდა. ამ დროს ადამიანი ცხიმიან საკვებს შუბით ხელში მისდევდა და სანამ გემოს გაუსინჯავდა, საკუთარ ცხიმს მთლიანად წვავდა.
დღეს განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ მილიონობით წლის, განსხვავებულ გარემოში ჩამოყალიბებულ პირველყოფილ ინსტინქტებს არ უნდა ავყვეთ. ამ გარემოში არ იყო სუპერმარკეტები, იაფი შაქარი და ალკოჰოლი.
ჰიპოკრატეს ფიცი
საინტერესო ფაქტი – ჰიპოკრატეს ფიცი, რომელსაც ყველა ექიმი დებს და ამით სამედიცინო ეთიკის პრინციპებს ადასტურებს, მართლაც, ჰიპოკრატემ ჩაწერა, თუმცა მას არ გამოუგონია. ეს ოჯახური ტრადიცია იყო და ჰიპოკრატეს ოჯახმა ფიცი თაობიდან თაობას გადასცა.
ფიცი თავად ჰიპოკრატემაც დადო. თავდაპირველ ვერსიაში ფიცი აბორტის გაკეთებას კრძალავდა, თუმცა დღეს ეს პუნქტი ამოღებულია. საუკუნეების მანძილზე ფიცი მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა მისი ძირეული იგივე დარჩა.
ფიცის თანამედროვე ვარიანტში ყურადღება მახვილდება ვალდებულებაზე, რომელსაც მომავალი ექიმი პაციენტთან დაკავშირებით საკუთარ თავზე იღებს, აგრეთვე დაპირებაზე, რომ ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სასარგებლოდ იმოქმედებს.
„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“
დღეში მხოლოდ 5000 ნაბიჯი სიმსუქნის რისკს 64%-ით ამცირებს. მასთან ერთად, მცირდება უამრავი საშიში დაავადების, მათ შორის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკი.
აუცილებელია თუ არა სპორტული დარბაზი?
კვირაში 2-3-ჯერ სპორტულ დარბაზში ვიზიტი ძალიან სასარგებლოა, თუმცა აუცილებელი არ არის. ყოველდღიური აქტივობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა მისი ჩანაცვლებაც შესაძლებელია მარტივი 20-წუთიანი ტანვარჯიშით, რომელიც შეიძლება სახლში შეასრულოთ.
ჰიპოკრატემ მედიცინა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან გაათავისუფლა და მკურნალობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა. ისინი დღესაც ეფექტური და აქტუალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!
კომენტარები