„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედროები საიდუმლოდ ინახავენ ჩრდილოეთში მის დანაკარგებს.
„ჩვენი სამხრეთ ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე“, – აცხადებს „ჰეზბოლას“ ლიდერი.
მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე წააგო ეს ომი, და ისრაელის რაფაჰში შეჭრა ვერ შეცვლის ამ მოცემულობას.
„ბრძოლიდან ხუთი თვის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვერ შეძლო რაიმე გამარჯვების პერფომანსი წარმოედგინა. „ჰამასი“ არ დამარცხებულა და ახლაც შეუძლია, მოლაპარაკებებზე საკუთარი პირობები წამოაყენოს“, – აღნიშნა ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა, ასევე, დაგმო აშშ-ის პოზიცია ისრაელ-ღაზას ომის მიმართ და მას „თვალთმაქცური“ უწოდა.
„არა მგონია, დედამიწაზე ვინმეს სჯეროდეს, რომ ბაიდენს არ შეუძლია შეაჩეროს ომი ღაზას წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ და დასძინა, რომ ბაიდენს შეუძლია შეაჩეროს ბრძოლა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისთვის დაბრკოლებების არ შექმნით.
კომენტარები