როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ჰანს ქრისტიან ანდერსენი ქალზე 14 წლით უფროსი იყო, უცნაური გარეგნობა და კიდევ უფრო უცნაური რეპუტაცია ჰქონდა, ჯენი ლინდი კი მე-19 საუკუნის ცნობილი საოპერო მომღერალი და შვედეთის სიამაყე გახლდათ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ დანიელ მეზღაპრეს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ის „მახინჯი იხვის ჭუკის“ ავტორი იყო და ჯადოსნური გარდასახვის სწამდა…
ღარიბი მეწაღის შვილმა ბავშვობა ერთ-ერთ დანიურ კუნძულზე მდებარე ქალაქ ოდენსში გაატარა.
რთულია, მის ბავშვობას ბედნიერი უწოდო – ბიჭუნა ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა და „საკუთარ ნაჭუჭში“ ჩაკეტილი ცხოვრობდა.
სკოლაში მისვლა არ უყვარდა, რადგან სიმაღლის, სიგამხდრის, გრძელი ცხვირისა და გაუნათლებლობის გამო დასცინოდნენ. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბაბუას – ხეზე ჭრის ოსტატს, ქალაქში ცნობილი გიჟის რეპუტაცია ჰქონდა. კლასელები ანდერსენს დასცინოდნენ, ის კი ბრაზობდა და დიდებაზე ოცნებობდა.
1816 წელს ჰანს-ქრისტიანს მამა გარდაეცვალა და იძულებული გახდა, თავის სარჩენად, სკოლაში სიარული შეეწყვიტა. მალე მან საკუთარი, პატარა თოჯინების თეატრი შექმნა, სადაც მომავალი მეზღაპრის მდიდარი წარმოსახვის უნარმა ფართო ასპარეზი ნახა.
მალე ანდერსენი ცნობილი გახდა, როგორც ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი ლექსებისა და იუმორისტული მოთხრობებისა და პიესების ავტორი. 1835 წელს გამოვიდა ანდერსენის რომანი „იმპროვიზატორი“, რომელსაც უდიდესი წარმატება მოჰყვა.
ანდერსენს საკუთარი თავისა და შემოქმედების მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა საშინლად განიცდიდა, რომ მისი სახელი ყველას პირზე არ ეკერა და კრიტიკოსების ყურადღებას არ იქცევდა.
როცა თავისი პირველი ზღაპარი შექმნა, ის ზრდასრული, მარტოსული და უბედური ადამიანი გახლდათ.
***
დანიელი მეზღაპრე ქალებში წარმატებული არასოდეს ყოფილა და გარკვეულ დრომდე ამისკენ არც ისწრაფოდა. ექსცენტრიკული, მერყევი, ისტერიული და უცნაურად ჩაცმული ადამიანი, რომელიც კრიტიკას ვერ იტანდა, თავადაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არ იყო შექმნილი. ასე იყო 1840 წლამდე, სანამ ჯენი ლინდს შეხვდებოდა.
ჯენი ლინდი ისტორიაში „შვედი ბულბულის“ – „Swedish Nightingale“ სახელით არის ცნობილი. ულამაზეს და უნიჭიერეს მომღერალს 10 წლის ასაკში სტოკჰოლმის სამეფო ოპერის სცენაზე უკვე 400 წარმოდგენაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ბრწყინვალე შვედი სოპრანო კოპენჰაგენის ოპერის სცენაზეც მღეროდა. სწორედ ერთ-ერთი გასტროლის დროს შეხვდა პირველად 21 წლის ჯენი ლინდის ჰანს-ქრისტიან ანდერსენი.
თავის ავტობიოგრაფიაში „ჩემი ცხოვრების ზღაპარი“ ანდერსენი თვალთმაქცობს, როცა წერს, რომ ჯენიმ პირველ შეხვედრაზე არ დააინტერესა. რომ ქალი იმდენად ჩვეულებრივი ეჩვენა, რომ მალევე დაავიწყდა. სინამდვილეში, მეორე შეხვედრამდე, რომელიც სამი წლის შემდეგ შედგა, ანდერსენს, ჯენის გარდა, არაფერზე უფიქრია.
1843 წლის 20 სექტემბერს ანდერსენის დღიურში მოკლე ჩანაწერი გაჩნდა – „მიყვარს“.
დიახ, მას შეუყვარდა, მაგრამ მორცხვობისა და ყოყმანის გამო, ვერ გაბედა, ჯენის გრძნობებში გამოსტყდომოდა.
***
ანდერსენისთვის ლინდისთან ყოველი შეხვედრა უცნაური და მტანჯველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლინდი 24 წლის იყო, ანდერსენი კი – 40-ის, ქალი მას ბავშვს ან ძამიკოს ეძახდა. ანდერსენი მისთვის ლექსებს წერდა და თავის ყველაზე ცნობილ ზღაპრებს უძღვნიდა – მათ შორის იყო „თოვლის დედოფალი“. ანდერსენის ბიოგრაფი ქ. როზნი მიიჩნევს, რომ ამ ზღაპრის პერსონაჟი გულქვა დედოფალი ანდერსენმა ჯენი ლინდის მიერ უპასუხოდ დატოვებული სიყვარულის საფუძველზე შექმნა…
1846 წლის შობას მეზღაპრემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჯენი სტუმრად მიიწვევდა და მოსაწვევის მოლოდინში მთელი დღე ფანჯარასთან გაატარა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ის თავად ავიდა ქალთან. მომღერალი, მტანჯველი თანაგრძნობის გამო, ახალი წლის მასთან გატარებას დაჰპირდა.
ახალ წელს ანდერსენი, ჯენი და მისი მეგობარი ქალი მშვიდად ისხდნენ ნაძვის ხესთან. ჯენი იცინოდა, მღეროდა და „ბავშვს“ უამრავ საჩუქარს ჩუქნიდა. სწორედ მაშინ ორივე მიხვდა, რომ ქალი მას არასოდეს შეიყვარებდა. ასეც მოხდა – ანდერსენი ლინდისთვის მთელი ცხოვრება „საყვარელ ბავშვად“ დარჩა.
ჯენი 1852 წელს ახალგაზრდა პიანისტის ოტო გოლშმიდტის მეუღლე გახდა. სწორედ მაშინ შედგა ანდერსენისა და ჯენი ლინდის უკანასკნელი შეხვედრა. მეზღაპრემ ახალდაქორწინებულებს მიულოცა, კომპლიმენტებით აავსო და საყვარელ ქალს სამუდამოდ დაშორდა.
***
ანდერსენი სიბერეში კიდევ უფრო უცნაური გახდა. ჯენი სიკვდილამდე უყვარდა, თუმცა მისი ოცნება, მახინჯი იხვის ჭუკიდან ზღაპრულ გედად ქცეულიყო, აუსრულებელი დარჩა. მეზღაპრე უამრავ დროს ატარებდა საროსკიპოებში, მაგრამ ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად კი არა, „ცოდვის შვილებთან“ სასაუბროდ დადიოდა. სხვა ყველაფერი მისთვის სიყვარულის ღალატი იქნებოდა.
1872 წელს ანდერსენის ზღაპრების ბოლო კრებული გამოვიდა, 1875 წლის 5 აგვისტოს კი ბავშვების საყვარელი მეზღაპრე სრულ მარტოობაში გარდაიცვალა. ლინდმა მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ 12 წელი იცოცხლა.
კომენტარები