ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შეძლებს.
მაისში, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც ვაქცინაცია მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ს მოიცავს“.
კითხვაზე, აქტუალურია თუ არა კვლავ ეს მიზანი, ჰანს კლუგემ უპასუხა, რომ ახალმა, უფრო გადამდებმა ვარიანტებმა, უპირველეს ყოვლისა, „დელტა“ შტამმა თამაშის წესები შეცვალა.
„მაშინაც კი, როდესაც ინდოეთში თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული, უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტები ასე არ გაჩენილა. ვფიქრობ, რომ ეს იმ წერტილამდე მიგვიყვანს, როდესაც ვაქცინაციის უპირველესი მიზანი დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილიანობის პრევენციაა. თუ დავუშვებთ, რომ კორონავირუსი გააგრძელებს მუტაციას და დარჩება, როგორც გრიპი, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ვაქცინაციის ჩვენი სტრატეგიის ენდემურ გადაცემაზე ადაპტირება და ძალიან ღირებული ცოდნა მივიღოთ დამატებითი დოზების ზემოქმედების შესახებ“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციის ძალიან მაღალი დონე ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ შემცირდეს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე.
8 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსი არ გაქრება და სავარაუდოდ, საზოგადოებაში გრიპის მსგავსად გავრცელდება.
კომენტარები