ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია, რომელმაც 1000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. მისი მუსიკალური მემკვიდრეობა მსოფლიო კულტურის ოქროს ფონდში შევიდა, თუმცა კომპოზიტორის პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ…
იოჰან სებასტიან ბახი 1685 წლის 21 მარტს გერმანიაში, აიზენახში, მუსიკოს იოჰან ამბროსიუსის ოჯახში დაიბადა. იოჰან სებასტიანი ერთ-ერთი ყველაზე „მუსიკალური ოჯახის“ წარმომადგენელი იყო – მისმა უძველესმა საგვარეულომ მსოფლიოს 50-ზე მეტი მუსიკოსი მისცა.
ბიჭუნა ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო და 7 და-ძმა ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი – იოჰან კრისტოფი ორღანისტი იყო. სწორედ მან გადაწყვიტა მშობლების გარდაცვალების შემდეგ უმცროსი ძმისთვის მუსიკა ესწავლებინა.
მამისა და უფროსი ძმის მსგავსად, იოჰან სებასტიანმაც კომპოზიტორის გზა აირჩია.
ნახატზე: იოჰან სებასტიან ბახი
წმინდა მიქაელის ვოკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჯერ ვაიმარში მუსიკოსად მუშაობდა, 1723 წელს კი ლაიფციგის წმინდა თომას სახელობის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. წერდა მუსიკას ქალაქის მთავარი ლუთერანური ეკლესიებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლისთვის.
პირველი ცოლი – მარია ბარბარა
ბახს საკუთარი ბიძაშვილი მარია ბარბარა შეუყვარდა. ნათესაური კავშირის მიუხედავად, შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს.
ნახატზე: ბახი და მარია ბარბარა
მათი ერთობლივი ცხოვრება ხანმოკლე იყო – მარიამ მხოლოდ 36 წლამდე იცოცხლა. ამის მიუხედავად, წყვილს 7 შვილი (5 ვაჟი და 2 ქალიშვილი) შეეძინა, რომელთაგან სამი პატარა ასაკშივე გარდაიცვალა.
მეორე ცოლი – ანა მაგდალენა
კომპოზიტორმა ცოლის და შვილების დაკარგვა ძალიან განიცადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ შეუყვარდა. ამჯერად, 36 წლის იოჰან სებასტიანის რჩეული 20 წლის ანა მაგდალენა იყო.
ნახატზე: ბახი და ანა მაგდალენა
დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ანა მაგდალენამ ცოლის მოვალეობებს თავი შესანიშნავად გაართვა. ის ოჯახს მართავდა, შვილებზე და გერებზე ზრუნავდა და, რაც მთავარია, ქმრის ხელოვნებით გულწრფელად ინტერესდებოდა. ანა მაგდალენამ ქმარს 13 შვილი (6 ვაჟი და 7 ქალიშვილი) აჩუქა, თუმცა მათგან შვიდი პატარაობაში დაიღუპა.
ნახატზე: ბახი უმცროს ვაჟებთან ერთად
სამწუხაროდ ასე იყო – ბახის 20 შვილიდან სრულწლოვანებას მხოლოდ ათმა მიაღწია.
ცხოვრება ტრაგედიების შემდეგ
არავინ იცის, როგორ შეძლო კომპოზიტორმა 10 შვილის დაკარგვის შემდეგ ცხოვრების და შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ 1723 წელს ლაიფციგში, წმინდა თომას ტაძარში მისი “ვნება იოანეს მიხედვით” პირველი წარმოდგენა შედგა. მალე ბახმა კანტორის თანამდებობა მიიღო და ქალაქის ყველა ეკლესიის „მუსიკალური დირექტორი“ გახდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში კომპოზიტორმა კატარაქტის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ამის შემდეგ სრულიად დაბრმავდა. ბრმა კომპოზიტორს მუშაობა არ შეუწყვეტია – ის ნაწარმოებებს ცოლს და სიძეს – ალტნიკკოლს კარნახობდა.
ბახი 65 წლის ასაკში, 1750 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა. კომპოზიტორი ლაიფციგში, წმინდა თომას ტაძარში დაკრძალეს, სადაც 27 წლის განმავლობაში მსახურობდა.
მოგვიანებით, სასაფლაოს ტერიტორიაზე გზა გაიყვანეს და ბედის ირონიით, გენიოსის საფლავი დაიკარგა. 1984 წელს სასწაული მოხდა – ბახის ცხედრის ნაშთები ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი ხელახალი დაკრძალვა ლაიფციგის წმ. თომას ტაძარში 6 წლის შემდეგ შედგა.
ბახის მუსიკას მაღალ შეფასებას აძლევდნენ მომდევნო თაობის უდიდესი კომპოზიტორები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
დედამიწის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ოქროს დისკზე, რომელიც 1977 წელს NASA-მ მარადიულ მოგზაურობაში, კოსმოსში გაუშვა, იოჰან სებასტიან ბახის ნამუშევრებიც არის ჩაწერილი.
ეს სწორედ ის დისკია, რომელმაც „ჩაკრულოც“ წაიღო კოსმოსში, როგორც ხმა დედამიწიდან.
კომენტარები