გენდერის თეორია, სქესის შეცვლის ოპერაცია და სუროგაცია ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამის შესახებ ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ „ეთიკის დოკუმენტშია“ ნათქვამი.
როგორც Foxnews წერს, 8 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტი სახელწოდებით Dignitas Infinita ითარგმნება, როგორც „უსასრულო ღირსება“ და თანამედროვე სამყაროში ადამიანის ღირსების საფრთხეებზეა ორიენტირებული.
„ეკლესია მტკიცედ იმეორებს და ადასტურებს ონტოლოგიურ ღირსებას ადამიანისა, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა“, – ვკითხულობთ დოკუმენტის დასაწყისში.
მასში წმინდა წერილებისა და ეკლესიის სწავლების ჭრილში მიმოხილულია აბორტი, ადამიანებით ვაჭრობა, სიღარიბე, ევთანაზია, სიკვდილით დასჯა და სხვა საკითხები.
ამასთან, დოკუმენტი ფორმალურად ადასტურებს და აფართოებს კათოლიკური ეკლესიის სწავლებას გენდერის თეორიასთან დაკავშირებით, რომელიც მიუღებელ იდეოლოგიად ითვლება იმ არგუმენტით, რომ „ადამიანის გარდაუვალი სქესის შეცვლა, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ღმერთის როლის მორგების არასწორ მცდელობას“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიცოცხლე უნდა მივიღოთ, როგორც ღმერთისგან ნაჩუქარი და ჩვენი იდენტობის შეცვლით, არ უნდა ვეცადოთ „ღმერთთან გაჯიბრებას“.
„რაც შეეხება გენდერის თეორიას, ეკლესია გვახსენებს, რომ ადამიანური ცხოვრება ყველა მისი განზომილებით, როგორც ფიზიკურით, ისე სულიერით, ღმერთის ძღვენს წარმოადგენს. ეს ძღვენი უნდა მივიღოთ მადლიერებით და სიკეთის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. გენდერის თეორიის მიხედვით განსაზღვრული პიროვნული თვითგამორკვევის სურვილი, გარდა იმ ფუნდამენტური ჭეშმარიტებისა, რომ ადამიანის სიცოცხლე საჩუქარია, წარმოადენს გაღმერთების საუკუნოვან ცდუნებაზე დამორჩილებას, რომლითაც, ადამიანი ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს სახარებაში გამოვლენილ ჭეშმარიტ ღმერთთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ ჯერ კიდევ 2023 წელს გენდერულ იდეოლოგიას „ერთ-ერთი ყველაზე საშიში იდეოლოგიური კოლონიზაცია“ უწოდა.
კომენტარები