როცა დაიბადა, 2007 წელს, 905 გრამს იწონიდა და 25 სანტიმეტრის სიგრძის იყო. თოჯინის სამოსს აცმევდნენ და ექიმები პროგნოზირებდნენ, რომ წელიწადზე მეტხანს ვერ გასტანდა. თუმცა შარლოტამ ყველას გაოცება მოახერხა და სულ ცოტა ხნის წინ მე-16 დაბადების დღე იზეიმა.
შარლოტა გერსაიდი ჯერჯერობით თავს ართმევს უმძიმეს პრობლემებს და სიცოცხლის ხალისსაც არ კარგავს. ის ყველაზე პაწაწინა ბავშვია – ახალშობილზე ბევრად დიდი არ არის, თავის საყვარელ ფუმფულა დათუნიაზეც კი პატარაა. შარლოტას ქონდრისკაცობის ერთ-ერთი ფორმა აქვს. დღეს მსოფლიოში 100-ზე მეტი ადამიანია მსგავსი გენეტიკური მუტაციით.
ამ პათოლოგიის დროს არ ვითარდება კიდურები და შინაგანი ორგანოები და საკმაოდ იშვიათი დაავადებაა. ასეთი პატარები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და მაქსიმალური სიმაღლე, რასაც შეიძლება მიაღწიონ, 100-მდე სანტიმეტრია.
დედამისი ემა ნიუმენი ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ორსულობის დროს ასეთი პატარა მუცელი. ექოსკოპიაზე უთხრეს, რომ ბავშვი ძალიან პატარა იყო და ვერ გადარჩებოდა. თუმცა სასწაული მოხდა – შარლოტა დაიბადა და გადარჩა.
დედამ და მამამ გადაწყვიტეს, ის ისე გაეზარდათ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, ეცხოვრა ჩვეულებრივი ცხოვრებით და მოახერხეს, რომ გოგონა საკმაოდ ხალისიანი და აქტიურია. შარლოტას დებიც ჰყავს და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
პერიოდულად უჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც მკურნალობენ, თუმცა ცდილობენ არ იფიქრონ ცუდზე და იცხოვრონ დღევანდელი დღით შარლოტასთან ერთად.
კომენტარები