ყველა ბავშვი თავისებური ნიჭით იბადება. ყველა ადამიანში დევს გარკვეული პოტენციალი, მაგრამ როგორ უნდა ამოვიცნოთ წინასწარ, რისკენ აქვს მიდრეკილება ჩვენს შვილს. რაც უფრო ადრე გავარკვევთ, მით უკეთესი, რადგან დროულად შევუწყობთ ხელს მის გატაცებებს და ძლიერ მხარეებს.
ამის გამოცნობა თურმე საკმაოდ მარტივია – მთავარია, დააკვირდეთ, რით და როგორ თამაშობს ბავშვი ყველაზე ხშირად.
შეუქმენით პირობები
ბავშვი იმ სათამაშოთი ითამაშებს, რასაც უყიდიან. ამიტომ, სანამ გაარკვევთ, რისკენ მიილტვის თქვენი პატარას ინტერესები, ყველა მიმართულების სათამაშო მიაწოდეთ. ესენია – ტექნიკა, კონსტრუქტორი, თოჯინა, მუსიკალური სათამაშო, ჭურჭელი და სამედიცინო მოწყობილობები.
მომავალი გამომგონებელი
დედები ხშირად ჩივიან, ახალი სათამაშო ერთი დღეც არ უძლებსო, მაშინვე დაშლის ან დაამტვრევსო. ასეთი ქცევა (იშვიათი გამონაკლისების გარდა) პირველ რიგში ბავშვის ძლიერ ცნობისმოყვარეობაზე და ცხოვრებისადმი არასტანდარტულ მიდგომებზე მიუთითებს. ამ უნარს მიჩქმალვა კი არა, განვითარება სჭირდება. შესაძლებელია ნამდვილი ნოვატორი გაზარდოთ, რომელიც ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.
ინსტრუქციის გარეშე უფრო საინტერესოა
თუ დიდ ინტერესს იჩენს ასაწყობი კონტრუქტორების, კუბების მიმართ, დაუღალავად აშენებს ცათამბჯენებსა და ციხესიმაგრეებს, არ ბეზრდება სხვადასხვა ფიგურების შედგენა, შესაძლოა, მომავალი არქიტექტორი ან ინჟინერი გეზრდებოდეთ.
ბავშვის შესაძლებლობების სრულყოფა შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე ქუჩაში ქვიშის ან თოვლის “მშენებლობებზე”. დრო დაუთმეთ ხატვას, ბავშვის მხედველობითი აზროვნების განვითარებას. თუნდაც სულ სხვა პროფესია აირჩიოს, ეს უნარები ყველა შემთხვევაში გამოადგება.
რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები წესრიგს რთულად ემორჩილებიან. ამიტომ მიყრილ-მოყრილი სათამაშოების გამო ძალიან ნუ გაუბრაზდებით.
დედა-შვილობანა
თოჯინებით თამაში ბავშვის კომუნიკაბელურ უნარებზე მიუთითებს. ასეთ ბავშვს ყოველთვის გაუადვილდება სკოლაში ან ბაღში მეგობრების შეძენა. გარკვეულ ასაკამდე ბიჭებიც სიამოვნებით თამაშობენ თოჯინებით და ამაში ცუდი არაფერია.
5 წლამდე ასაკის გოგონები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან “ბავშვი თოჯინით”. სწორედ ამ დროს ყალიბდება დედის ინსტინქტი, ფორმულირდება წარმოდგენა ოჯახის თაობაზე. ამიტომ გულგრილობას ნუ გამოიჩენთ ბავშვის თხოვნის მიმართ, როცა თოჯინისთვის ეტლს, საწოლს ან პამპერსის ყიდვას გთხოვთ. მეტიც, დაეხმარეთ და ასწავლეთ, როგორ უნდა ისარგებლოს ამ ნივთებით. ან როგორ უნდა აბანავოს “შვილი”.
ყველას უმკურნალებს…
შენიშნეთ, რომ ბავშვი თანაგრძნიბით იყვანს ხელში “წაქცეულ” დათუნიას, თათს უხვევს ვეფხვს ან “ჭრილობაზე” სულს უბერავს სპილოს? არ გაგიკვირდეთ – შეიძლება მომავალი ექიმი ან ვეტერინარი გყავთ სახლში. ეთამაშეთ ექიმობანა, უფრო მეტი უამბეთ ჯანმრთელობაზე, ერთად უმკურნალეთ თოჯინებს. ხელი შეუწყვეთ ბავშვის ამ ინტერესის გაღრმავებას. ეს მისი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
პისტოლეტი, ავტომატი
როგორც არ უნდა მშვიდოიბას ქადაგებდეთ ოჯახში, ბიჭი ომობანასა და პოლიციელობანას თამაშზე უარს არ იტყვის. ამას გაგებით მოეკიდეთ, ბიჭებს მაგნიტივით იზიდავს ყველანაირი “სასროლი” მოწყობილება. ნუ გეშინიათ, ომობანა აგრესიისკენ არ უბიძგებს. ბიჭების ცხოვრებაში ისედაც დგება მძაფრი შეგრძნებების დრო, თუმცა დროზე ადრე ამ ინტერესების გაღრმავება არ ღირს.
ძალიან ბევრი ფსიქოლოგი აანალიზებს და აფასებს ბავშვის მდგომარეობას თამაშის საფუძველზე. ბავშვს სხვადასხვა სათამაშოს სთავაზობენ და რეაქციას აკვირდებიან. მარტივი მეთოდი იმის გამოსაცნობად, როგორ გრძნობს ბავშვი თავს ოჯახში: დაუწყვეთ წინ სხვადასხვა სათამაშო და სთხოვეთ, მიანიჭოს მათ იმ ადამიანების როლები, ვისთანაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს ბავშვს (რომელი თოჯინაა დედა, რომელი მამა, რომელი და ან ძმა), ერთი თოჯინა თავისთვისაც უნდა აირჩიოს. შემდეგ ჰკითხეთ, რატომ აირჩია ესა თუ ის თოჯინა, შემდეგ ჰკითხეთ, რისი კეთება უყვარს ყველაზე მეტად. დააკვირდით, ვის თოჯინას დააყენებს თავისთან ყველაზე ახლოს – ესე იგი იმ ადამიანს ყველაზე მეტად ენდობა.
კომენტარები