2014 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე, მედიით გაშუქებული შემთხვევების მიხედვით, დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის – 2 ბავშვი. საქართველოში, წლიურად, ავტოსაგზაო შემთხვევისას, იღუპება 450-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.
ქვეყანაში ავტოავარიების სტატისტიკა საგანგაშოა. არის გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც ახალი ამბებით ვრცელდება, მაგრამ გაცილებით მეტი არც შუქდება. დაუდევარი მძღოლები პოტენციური დამნაშავეები არიან, უდანაშაულო ადამიანები კი ხშირად მსხვერპლი. სტატისტიკურად ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა გადაჭარბებული სიჩქარისა და არაფხიზელი მძღოლების გამო ხდება.
“ყოველწლიურად, ავტოავარიაში, 450 ადამიანი იღუპება. დაშავებულების რაოდენობა, საშუალოდ, 10 ათასია. ეს შვიდჯერ აღემატება ევროპის მაჩვენებელს. მთავარი მკვლელი დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება და სიჩქარეს ებრძვის მსოფლიო. სლოგანი, რომ სიჩქარე კლავს, შემთხვევითი არ არის. ეს კამპანია წარმოებს ახლა ყველგან. ავტოსაგზაო შემთხვევისას ყველას გვახსენდება პოლიცია, მაგრამ ის არის შემთხვევის შემდეგ მოქმედი ორგანო, მთავარი არის თავად მძღოლის შეგნება – რომ არ დაჯდეს თრობის ქვეშ საჭესთან, არ გადააჭარბოს სიჩქარეს. უნდა იცოდეს, რომ თუკი ის ქვეითს შეეჯახება 40კმ საათის სიჩქარით, ადამიანის გადარჩენის შანსი 95%, მაგრამ თუ შეეჯახება 90-ით, მისი გადარჩენის შანსი არის ნული. და თუ ეს ყველაფერი იცის და მაინც იმავეს აკეთებს, საერთაშორისო ტერმინია, რომ ისინი არიან – პოტენციური მკვლელები. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი როლი აქვს მედიას, კამპანიების გაშუქებისას. ამის ძალიან კარგი მაგალითია ღვედების კამპანია, რომელმაც იმუშავა. ასევე, დასამახსოვრებელი იყო ამოტრიალებული მანქანები ქალაქში, მაგრამ ეს არ იყო ქართული “ნოუჰაუ” – ეს გვინახავს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ამ კამპანიამ, ზოგ შემთხვევაში, გაამართლა, ზოგ შემთხვევაში – არა, რადგან ადამიანების დამოკიდებულება ყველა კამპანიაზე ერთნაირი არ არის,” – ამბობს “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი.
ასეთი კამპანია არის ბევრი – “იარე ნელა “, “სახლში გელოდებიან” “არ გაიმეორო შეცდომა” , “არ გადააჭარბო სიჩქარეს”, “სიჩქარე კლავს”, “შეიკარი ღვედი”… მათ ატარებენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები თუ სამოქალაქო საზოგადოება, მსგავსი კამპანიები და რეგულაციები მომავალშიც იგეგმება – იმისთვის, რომ ურჩმა მძღოლებმა გზებზე აღარ დაასრულონ სხვების სიცოცხლე.
კომენტარები