მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
გთავაზობთ რამდენიმე სასწაულს საკვირველმოქმედი წმინდანის ცხოვრებიდან.
გულსაკიდი ხატი
დიდი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზისა მამა გაბრიელს (ურგებაძე).
ერთხელ კაცთა ცილისწამებით შეწუხებულმა ბერმა ჩამოიკიდა გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი და ბათუმში ზღვაში შევიდა – უფალო, თუ სათნოა შენთვის ჩემი ცხოვრება, გადამარჩინეო. იმ დროს ზღვის ახლოს სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცებთან მოხუცი, თეთრწვერა, მელოტი კაცი მივიდა და უთხრა, – ზღვაში კაცი იხრჩობა და გამოიყვანეთო. როცა ჯარისკაცებმა გაბრიელი ზღვიდან გამოიყვანეს და გულზე ჩამოკიდებული ხატი უნახეს, ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზის ხატში სწორედ წეღანდელი ბერიკაცი შეიცნო – რუსეთში შინ მაქვს მისი ხატი, ნამდვილად წმინდა ნიკოლოზი იყოო.
გემის გადარჩენის ამბავი
ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა თაყვანისსაცემად მიემგზავრებოდა, მირონისკენ მიმავალ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმინდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ათამაშებდა ხომალდს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. გემს მიუახლოვდა, დაიძახა: – გადააგდეთ ზღვაში ზეთიანი ბოთლი. იმ ქალის ხელით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.
მაშინვე შეასრულეს წმინდანის ნება. ბოთლიდან ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმინდანმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი ზურგის ქარმა დაუბრკოლებლად მიაყენა ლუკიის ნაპირებს. სასწაულებრივად გადარჩენილმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.
კომენტარები