
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება.
როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი მკაცრად გმობს მომხდარს და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედროების ყოფნა უკანონოა.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. მოვითხოვთ გატაცებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
რუსული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, – წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
კომენტარები