
პირდაპირ გეტყვით, არსებობს თეორია ფიფქიას შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს. თეორია ასე ჟღერს: ფიფქია ისტორიის ბოლოს კვდება, პრინცი კი სიკვდილის სიმბოლოა.

გახსოვთ ეს მომენტი? ანიმაციის დასაწყისში ვხედავთ, როგორ მღერის ფიფქია ჭასთან, სასახლის ეზოში

პრინცი მის ხმას გაიგებს და გალავანზე გადაძვრება, რომ ხმის პატრონს თვალი მოჰკრას
მაგრამ მისი მიახლოება ფიფქიას ისე აფრთხობს, რომ ის სასახლეში შერბის. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ფიფქია მორცხვი ან ფრთხილი იყოს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ საფრთხეს გაურბოდეს: კონკრეტულად კი, სიკვდილს, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როცა ის ჭას ზედმეტად მიუახლოვდა.

ამის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ფიფქია ტყეში შვიდ ჯუჯასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ერთ დღესაც კი, მოწამლული ვაშლი გასინჯა და გონება დაკარგა.

ჯუჯებმა ფიფქიას საწოლის გარშემო მოიყარეს თავი. ტექსტში ნათქვამია: “ფიფქია ამ მდგომარეობაშიც კი იმდენად ლამაზი იყო, რომ ჯუჯებმა მისი დამარხვა ვერ შეძლეს”. მათ ფიფქია ტყეში დაასვენეს და პატივი მიაგეს.

ამ დროს, მოულოდნელად პრინცი გამოჩნდა, რომელმაც ფიფქიას აკოცა.

და როცა ყველა იმედი უკვე გადაწურული იყო, ფიფქიამ გამოიღვიძა… ან იქნებ არ გამოიღვიძა? იქნებ ეს კოცნა სიკვდილის კოცნა იყო, რომელმაც ფიფქიას სული კომაში მყოფი სხეულიდან გაათავისუფლა?

ფიფქია ჯუჯებს მოეხვია და დაემშვიდობა (შეიძლება, რეალურად… ან სულაც ისე, როგორც ტიტანიკში როუზი ხვდება გემზე შეკრებილ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ). მერე ცხენზე შეჯდა და პრინცს გაჰყვა.

პრინცი ფიფქიას ტყისკენ გაუძღვა

ისინი მზის ჩასვლისას მთის წვერზე შეჩერდნენ

საიდანაც სასახლე მოჩანდა, ოღონდ – ცაში და ბუნდოვნად, თითქოს ამქვეყნიური არ იყო…

ეს თეორია გარკვეულ სიღრმეს აძლევს პრინცსაც, რომელიც იმდენად ერთგანზომილებიანი პერსონაჟია (თუ ნამდვილად ადამიანია), რომ მის სახელსაც არავინ გვიმხელს. მასზე არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ 14 წლის გოგოები მოსწონს (მდა). თუ პრინცი რეალური ბიჭი არაა, მაშინ ყველაფერი უფრო გასაგები ხდება.

ინტერნეტ-მომხმარებლებს ეს თეორია დამაჯერებლად ეჩვენებათ, თუმცა არსებობენ კრიტიკოსებიც. ბოლოს და ბოლოს, მოწამლულ ვაშლს კონკრეტული წყევლა მოჰყვებოდა: ფიფქიას საყვარელი ადამიანის კოცნის შემდეგ უნდა გამოჰღვიძებოდა. ის სასიკვდილო საწამლავად არ იყო ჩაფიქრებული.

პ.ს. გრიმების ვერსიაში კუბოს ზიდვისას პრინცი შემთხვევით ფეხს წამოჰკრავს ქვას და ფიფქიას პირიდან მოწამლული ვაშლის მოკბეჩილი ნაწილი გადმოუვარდება, რაც წყევლას დაარღვევს. პრინცი და ფიფქია ქორწინდებიან და ქორწილში დედინაცვალსაც პატიჟებენ, რომელიც ფიფქიას რატომღაც ვერ ცნობს. ზღაპრის ბოლოს, როცა ფიფქია უკვე დედოფალი ხდება, ის დედინაცვალს აიძულებს, იქამდე იცეკვოს გავარვარებულ რკინის ფეხსაცმელებში, სანამ არ მოკვდება. ჭირი იქა, ლხინი აქა.
თქვენ რას ფიქრობთ ამ თეორიაზე?
წყარო:On.ge
კომენტარები