ინდოეთში, ციხე „ტიჰარში“ (Tihar Jail) ტურისტს შეუძლია, ერთი დღე ზუსტად ისე გაატაროს, როგორც ნამდვილმა დამნაშავემ. ამბობენ, რომ ციხეში რამდენიმე დღის გატარება ადამიანს ყოველდღიური სტრესისგან ათავისუფლებს!
გასართობი პროგრამა გულისხმობს ციხის დერეფნებში ხელბორკილებით გატარებას, ციხის ტანსაცმლის მორგებას და ციხის სადილის დაგემოვნებას.
მძაფრი შეგრძნებების მოყვარულს ძილი იატაკზე მოუწევს – ინდურ ციხეებში კრიმინალებს საწოლით არავინ ანებივრებს, მაგრამ გართობის ყველაზე საინტერესო ნაწილი რამდენიმე საათით საერთო საკანში, ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად ყოფნაა.
ეს „სიამოვნება“ დღეში 2 ათასი რუპია ღირს, რაც ნამდვილად არ არის ძვირი მათთვის, ვინც მძაფრ შეგრძნებებს ეძებენ.
Feel Like Jail-ის (იგრძენი თავი ციხეში) პროექტს ციხის ერთი ფრთა მთლიანად დაუთმეს. ციხეში ქალების შეშვება აკრძალულია.
საეჭვოა, რომ ტურისტი მკვლელებისა და სადისტების საკანში მოათავსონ, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაცია ტურისტულ პროექტში მონაწილეობისთვის ყველაზე მშვიდ და უწყინარ პატიმრებს არჩევს. პატიმრებს, ყოველი შემთხვევისთვის, აფრთხილებენ, რომ ტურისტისთვის ოქროს კბილის ამოძრობა ან საყურის ჩამოგლეჯა არ უნდა სცადონ.
დიახ, ეს ჩვეულებრივი ბიზნესპროექტია, მაგრამ ინდური ციხეების თავისებურებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ღონისძიებების მიუხედავად, მაინც სარისკო და სახიფათოა.
კომენტარები