ოჯახში ნანატრი ბავშვი დაიბადა. ბედნიერი დედა. მხიარული მამა სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ. გამოწერა, ყვავილების ზღვა. სახლი! პირველი ღამე… მამამ თავისი ბალიში და საბანი აიღო და მეორე ოთახში, დივანზე გავიდა დასაძინებლად. “ძილი მინდა, ეგ კიდევ სულ ტირის და ყვირის”. დედამ გაუგო…
დილა. უქმე დღე. დედა აჭმევს, ასუფთავებს, ბანს, სასეირნოდ მიჰყავს. სამი საათი გაუჩერებლად დაატარებს.
შინ დაბრუნდა. ნეტავ ახლა ნახევარი საათი მაინც დაიძინოს… ოთახის კარი ღიაა, საწოლი აულაგებელია – მამა სახლში არ არის.
ზარი. “სად ხარ?”
“აუ, იცი, ძმაკაცმა მთხოვა საქმეებზე წაყვანა (სათევზაოდ წასვლა, საქეიფოდ
წასვლა და ა.შ. და ა.შ. – მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს). უარს ხომ ვერ ვეტყოდი?”
საფენები, სარეცხი, საჭმლის მომზადება, უთოობა. დედასთვის დღე და ღამე გაერთიანდა. თმაგაწეწილი დადის, თვალებდაწითლებული.
მამა ჯერ კიდევ თავისუფალია. საჭმელი მომზადებული ხვდება, ტანსაცმელი დარეცხილი, სახლი დალაგებულია, მეტი რაღა უნდა?
ძმაკაცები? – ო, ეს წმიდათაწმიდაა! მათ უნდა დაეხმაროს, მათთან უნდა გაერთოს, ხომ არ მოიკლებს? “დაიღალე? მთელი სახლში ზიხარ, რა გღლის? სეირნობის დროსაც ხომ ისვენებ, ეგეც გართობაა? დაიღალე, ფისო? აბა, რა გეგონა დედობა?”
დედა ცდილობს ყველაფერი მოასწროს, მამა ვერ აფასებს. დედას ძალა ეცლება. მამა ვერ ამჩნევს. დედა მამას ნაგვის გადაყრას სთხოვს.
მამა ბრაზდება! დედა ტირის, ნაწყენი, იმედგაცრუებული… მამა კარს აჯახუნებს.
დედას ბავშვის პირველი ღიმილი ახარებს. მამას – ახალი ანეკდოტი. დედას მოთმინება ზღვარზეა…
ერთხელაც მამა ცარიელ ბინაში ბრუნდება. გულწრფელად ვერ ხვდება, რატომ მოხდა ასე…
პატივსაცემი არიან ის მამაკაცები, რომლებიც თანაბრად ინაწილებენ ყველა საზრუნავს ცოლებთან ერთად, მონაწილეობენ შვილების აღზრდაში და გული შესტკივათ ოჯახზე.
შვილის ყოლის სურვილი სულაც არ არის საკმარისი, არც მათი გაჩენა! ბავშვებს მოვლა, სიყვარული და აღზრდა სჭირდებათ!
კომენტარები