ტიტულოსანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მიმართვა გაავრცელა:
„მოგესალმებით, ჩემო გულშემატკივრებო. ძალიან გაფასებთ, მიყვარხართ და დიდ მოტივაციას მაძლევთ ცხოვრებაში. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების. ისინი მუდამ ცდილობენ, რომ საუკეთესო ვიყო.
ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, ჩემს კარიერაში ისეთ ტიტულებს მივაღწიე, რომ ერთ დროს, თავად ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, ამისათვის თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვცდილობდი, რომ ყოველთვის საუკეთესო ვყოფილიყავი.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანმა რამდენიც უნდა იშრომოს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა, ამისათვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
განსაკუთრებულად ვემზადებოდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს – სპორტში როგორც გამარჯვებას იღებ ღირსეულად, ისე მარცხის მიღებაც უნდა შეგეძლოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მე ძალიან გამიჭირდა დამარცხების მიღება, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე, საკმაოდ მტკივნეული იყო ჩემთვის. დიდი სურვილი და მოტივაცია არ მაძლევს უფლებას, ჩემი სპორტული კარიერა აქ დასრულდეს, ამიტომ ვიბრძოლებ ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ვეცდები, რომ კიდევ მოგანიჭოთ სიხარული ჩემი გამარჯვებებით. მჯერა, იმ საუკეთესო მომენტების რასაც უფალი გვიმზადებს,“ – ვკითხულობთ სპორტსმენის ფეისბუკ პოსტში.
კომენტარები