
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის დაკავებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა მათი ძებნის პროცესში ჰუმანური მეთოდებით იმუშავეს.
ამის შესახებ ბრეგაძემ ნებაყოფლობით ჩაბარებასთან დაკავშირებით პატიმრებისადმი მისი მოწოდების თაობაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანური მეთოდებით. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ის არის ძებნაში, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში, მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარდეს.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომლებმაც ეს არ მოიწონეს და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვიტყვი იმას, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის; რომლებიც ვერტმფრენიდან ხოცავდნენ მთელს ოჯახებს, როდესაც მიმდინარეობდა ძებნის ღონისძიება, ეს ყველას კარგად მოეხსენება; როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს და პირდაპირ გეტყვით – დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ სამი პატიმრის ნაცვლად გვეყოლებოდა სამი გვამი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრეგაძემ.
მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სამივე მათგანს უკვე არსებულ სასჯელზე დამატებით ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა შეეფარდებათ.
„ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ორი, ოდნავ მოგვიანებით. ეს ადამიანები არიან სრულწლოვნები.
დაკავებული არის ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელიც. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – აღნიშნავს რატი ბრეგაძე.
კომენტარები