პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მსოფლიოს ბრენდის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსი წარუდგინა..
ჩვენების დაწყებამდე ინტერნეტსივრცეში, ტრადიციულად, დემნა გვასალიას ხელნაწერი გავრცელდა, სადაც ქართველი დიზაინერი ასეთ სიტყვებს ამბობს:
„მოდაზე ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებები ასე იწყება: სილუეტებს მუყაოზე ვხატავდი, შემდეგ ვჭრიდი და ბებიაჩემის სამზარეულოს მაგიდაზე მოდის ჩვენებებს ვმართავდი.
35 წლის შემდეგ ეს შოუ სწორედ ჩემს იმდროინდელ ხედვებთან მაკავშირებს. ეს ჩვენება ეძვნება მოდას, რომელსაც ხედვა აქვს“.
აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიამ ჩვენება საზოგადოებისთვის ქალის თეთრეულის წარდგენით დაიწყო. შოუს თან ბლუზის ჟანრის მშვიდი მუსიკა სდევდა. სამოსის უმრავლესობაში ერთმანეთს ფართო და ვიწრო სტილი ერწყმებოდა, რაც მოდის ექსპერტების თქმით, გაორების განცდას ბადებდა.
ასევე, როგორც მსოფლიო მედია წერს, ჩვენების მიმდინარეობისას იქმნებოდა ისეთი განცდა, რომ მოდელები თანდათან იმოსებოდნენ. ქალის თეთრეულით დაწყებული შოუ დახურული სამოსით დასრულდა.
ფრანგული მოდის სახლის ახალ კოლექციაში შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი და თეთრი ფერის სამოსი ჭარბობდა.
ოქროსფერი საყურეები ვარდისფერი თვლებით, შავი ფერის დიდი ზომის ჩანთა, სათვალეები და ვერცხლისფერი ქამრის ფორმის ყელსაბამი, – ეს ყველაფერი ფრანგულის მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარი აქსესუარებია.
მოდელების ნაწილს ფეხზე ბრენდის ახალი, წითელი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ეცვათ.
შოუს ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ნიკოლ კიდმანი იყო, რომელიც 2023 წლიდან ბალენსიაგას ამბასადორია.
სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც ანა ვინტური, კეტი პეი, ეშლი გრემი, ნაომი კემპბელი, ვიტორია ჩერეტი, ბილ სკარსგარდი და სოფი მარსო არიან.
შოუმდე რამდენიმე საათით ადრე გასაჯაროვდა მოსაწვევის ფოტო-ვიდეო მასალაც. დემნა გვასალიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მოდის სამყაროს მორიგი კრეატიული იდეა წარუდგინა. მოსაწვევს ამჯერად ბეჭდის ფორმა ჰქონდა, რომელზედაც ჩვენების დრო და ადგილი იყო დატანილი.
როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, დემნა გვასალია თავის პირობას ასრულებს და ბალენსიაგას შოუები ახლა უფრო სადა და მინიმალისტურია, ვიდრე წარსულში.
ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, რომლის დროსაც ფრანგული მოდის სახლი ბავშვთა ექსპლუატაციის წახალისებაში დაადანაშაულეს, ქართველმა დიზაინერმა განაცხადა, რომ ბრენდის ჩვენებები ექსპერიმენტებზე ორიენტირებული ნაკლებად იქნებოდა.
კომენტარები