დენორმალიზაციას დიდი გასავალი აქვს დღეს სამყაროში, მით უმეტეს, პროექტის მოქალაქეებისთვის რელიგიაა დენორმალიზაცია. როგორ შეიძლება გამოიხატოს ეს გენდერული მორალური ქაოსი? – ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, მოხუცია თუ ბავშვი, ცოცხალია თუ მკვდარი – ამბობს“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი თუ არ იცი, სუპერევროპელი ხარ, ოღონდ ეგ სუპერევროპელი ქართველები მეორე უკიდურესობას იწვევენ, ქრისტიანობის რადიკალიზაციას, პერანგზე ფლომასტერით ჩოხის ქილებს რომ მიიხატავენ და სუპერქართველები ხდებიან.
„იცით, ნიშანდობლივი რა არის? – ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს. ამ (პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა) სუპერევროპელებსა და სუპერქართველებს შორის არსებობს კიდევ ქართველი საზოგადოება, რომელიც არც რელიგიური რადიკალიზმის მიმდევარია და არც დენორმალიზაციის, იმიტომ, რომ ისიც დენორმალიზაციის ნაყოფია, როდესაც ქრისტეს სახელით მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ. არ მინდა ცუდი ასოციაციების შექმნით დავიწყო, მაგრამ ინკვიზიციის დროს ხომ გახსოვთ, ქრისტეს სახელით ეძებდნენ ქრისტეს მტერს ხან სხვენში, ხან სარდაფში, ხან იქ, სადაც ის არ იყო… ორივე სახიფათო, საგანგაშო მიმართულებაა და ამიტომ დავარქვი დენორმალიზაცია. არსებობს საქართველოს მოსახლეობა, რომლისთვისაც ძვირფასია ზომიერება და კულტურა. უკულტურობას სიახლე არ ჰქვია. სიახლე ისეთი მნიშვნელოვანი რამაა, მის გარეშე სიცოცხლე აზრს კარგავს. სიახლის ძიების წყურვილი თუ ქრება, იქაურობა ჭაობდება. სიახლე ჟანგბადია, ოღონდ სიახლე არანორმალურობას არ ჰქვია. ეს არ ნიშნავს წარსულის ნგრევას. ლეონარდო და ვინჩის შედევრში, “მოგვთა თაყვანისცემაში”, ვხედავთ ღვთისმშობელს, მოგვებს, კიდევ სხვა ბევრ ფიგურასაც, ზემოთ კი, ნახატის კიდეში, ტაძრის დასრულება ხდება – ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ მესია მოვიდა არა წარსულის დასანგრევად, არამედ აწმყოს სრულყოფისათვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელსაც გააზრება სჭირდება.
გენიალურად თქვა გუსტავ მალერმა, რომ ტრადიცია ეს არის ცეცხლის გადაცემა და არა ფერფლის თაყვანისცემა. სიახლე ის იყო, როდესაც ფოტოგრაფიის გაჩენას საფრანგეთში მხატვრებმა იმპრესიონიზმით უპასუხეს…
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან – როდესაც ედუარდ მანემ ერთ-ერთ გამოფენაზე თავისი უმნიშვნელოვანესი ტილო, “ოლიმპია” გამოფინა, რომელსაც თითქმის ყველა იცნობდა, იმიტომ, რომ მაშინ ბორდელს ბევრი სტუმრობდა იქ დამსწრე დამთვალიერებლიდან, ოლიმპიას სახით ყველამ იცნო მეძავთა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამას სკანდალი მოჰყვა. მაშინ დეგამ ამ ტილოს გამოფენის სიმამაცის გამო მანე ჯუზეპე გარიბალდის შეადარა. ეს მართლა ასეთი სიმამაცის ტოლი იყო. მანეს კრიტიკის ღვარცოფი დაატეხეს თავზე, მაგრამ ის იყო სიახლე და იყო შედევრი, ის იყო მართლაც ხელოვანის სიმამაცე!“ – ამბობს დავით მაღრაძე.
კომენტარები