ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:
წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.
დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.
ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა – ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც “დაგვასნეულა”. დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა – რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.
მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ “მეცნიერების” იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. “მეცნიერების სასწაულების” ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.
მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა – მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.
ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე – მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც.
კომენტარები