სამხრეკორეელი მეცნიერებისა და მკვლევრების თქმით, ნაბახუსევთან გამკლავების საუკეთესო საშუალება სატაცურია. ამის შესახებ ინფორმაციას Wiley Online Library ავრცელებს.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ამინომჟავები და მინერალური ელემენტები, რომელსაც სატაცური შეიცავს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც ჭარბი სპირტიანის სასმელის მიღების შემდეგ ღვიძლის უჯრედებშია.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, სატაცურს ნაბახუსევის მხოლოდ შემსუბუქება შეუძლია და არა მისგან სრულად გათავისუფლება.
ჩინელმა მეცნიერებმა კი ნაბახუსევთან საბრძოლველად კარგ საშუალებად ლიმონის ან ლაიმის გაზირებული წვენი დაასახელეს.
გასული წლის სექტემბერში გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი დაავადებად მიიჩნია.
ნაბახუსევის ანუ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შეგრძნებებია: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა, რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, რაც გაუწყლოვნებას იწვევს. ნაბახუსევი – ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზია ის, რომ ღვიძლი დიდი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას ვერ ასწრებს, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება, აცეტალდეჰიდი, რომელიც უფრო ტოქსიკური ნივთიერებაა, ვიდრე სპირტი და ადამიანს შეუძლოდ ხდის.
კომენტარები