ალბათ არ არსებობს დიასახლისი, რომელსაც მომზადების დროს ღვეზელი ერთხელ მაინც არ დაწვია. როგორც გაირკვა, ეს პრობლემა ჩვენს შორეულ წინაპრებსაც აწუხებდათ და პერიოდულად დანახშირებული საკვების გადაყრა უწევდათ.
საფრანგეთში, კერძოდ, პა დე კალეს დეპარტამენტში მიმდინარე გათხრების დროს არქეოლოგებმა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის გალურ-რომაული დასახლების ნაშთები აღმოაჩინეს. შენობების ნანგრევებში არქეოლოგებს საკმაოდ უჩვეულო ნივთები დახვდათ. მაგალითად, მრგვალი ფორმის შავი საგანი, რომელიც მეცნიერების აზრით, ორი ათასი წლის წინათ დამწვარი ღვეზელია.
არქეოლოგებს ასეთი ძველი საკვები ან საკვების ნარჩენები ძალიან იშვიათად ხვდებათ, რადგან ორგანული ნივთიერებები მთლიანად მიწაში იშლება, მაგრამ „ფრანგული ღვეზელი“იმდენად დაიწვა, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა შეიცვალა და ამის დამსახურებით ჩვენს დრომდე მოაღწია.
უძველესი კულინარიული ქმნილების ლაბორატორიული შესწავლის შედეგად მისი სრული რეცეპტის მიღება არ მოხერხდა, თუმცა გაირკვა, რომ ცომის მოსაზელად ქერის ტიპის მარცვლეული და ორი ჯიშის ხორბალი გამოიყენეს. ღვეზელის დიამეტრი 10 სანტიმეტრია. ის საკვებისთვის უვარგისი იყო და მთლიანად გადააგდეს.
ღვეზელის გარდა, უძველეს ნამოსახლარზე ჭურჭლის ფრაგმენტები, ოთხი ცხენის ნაშთები და ორი შენობის ოთხკუთხა საძირკველი აღმოჩნდა. რადიოკარბონულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-300 წ. დასახლდნენ. რომაელთა შემოსევის დროს (ახ. წ. 27-37 წ.) მოსახლეობა წავიდა და დასახლება განადგურდა, მაგრამ შემდეგ ადამიანები ძველ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნდნენ და დასახლებამ კიდევ 150 წელი იარსება.
კომენტარები