ჩინელმა მეცნიერებმა ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა შექმნეს, რომელსაც პლასტმასის ჩანაცვლება შეუძლია. მეცნიერების თქმით, ახალი შესაფუთი მასალა გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მიირთვათ.
როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი პლასტმასის დაშლას 50-იდან 200 წლამდე სჭირდება. ამ დროის მანძილზე ნაგვის ნაწილაკები ნიადაგში, წყალსა და ჰაერშიც კი აღწევს, რაც გარემოს საფრთხეს უქმნის.
ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შექმნაზე მუშაობა დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ შექმნილი მასალების უმეტესობას საჭირო სიმტკიცე და წინააღმდეგობის ძალა არ გააჩნია.
ახალი შესაფუთი მასალა ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ცელულოზის საფუძველზე შეიქმნა. მასალის ავტორებმა განაცხადეს, რომ ბაქტერიების მიერ სინთეზირებული ცელულოზის ნანობოჭკოების ქსელს მცენარეულ ცელულოზაზე უკეთესი თვისებები აქვს. ის ტენიანობას უკეთ ინარჩუნებს, უფრო მტკიცეა და ამასთან რბილი ტექსტურა აქვს.
ჰონკონგის ჩინური უნივერსიტეტის (CUHK – Chinese University of Hong Kong) მეცნიერებმა ახალი მასალის შესაქმნელად ბაქტერიების შტამის Komagataeibacter xylinus-ის მიერ გამომუშავებული ცელულოზა გამოიყენეს და მასში სოიოს ცილა ჩართეს.
ჩინელი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი შესაფუთი მასალა გამჭვირვალე, ცხიმის მიმართ მდგრადი და ადამიანისთვის არატოქსიკურია. ამასთან, დაახლოებით, ორ თვეში მთლიანად იშლება.
ქიმიური მრეწველობის საზოგადოების (Society of Chemical Industry) დასკვნის თანახმად, მასალა ადამიანებისა და ცხოველებისთვის საკვებად ვარგისია.
კომენტარები