გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები სავსეა წინათგრძნობით ნაადრევი სიკვდილის შესახებ. ავტორის თითქმის ყველა პერსონაჟი – თორმეტი ძმა ხორჯოლანი „დევების ცეკვაში“, გურამი „კა და კო“-ში, ნელი ტანგოს გმირი, მოხუცი მონადირე პირველივე მოთხრობაში, ძაგანია „შაშას რევოლუციაში“ და სხვა – ტრაგიკულად იღუპებიან, მაგრამ თითოეულის ამბავი გვიტოვებს განცდას, რომ „არაფრისთვის არაფერი არ ხდება, თვით არასაჭირო სიკვდილიც კი“.
სანამ საბედისწერო ნაწარმოების სიუჟეტს მოგიყვებით, გეტყვით იმასაც, რომ რჩეულიშვილის წინაგრძნობა მხოლოდ მუზის „გამოჩენისას“ არ იღვიძებდა. ის თავის ბედზე მეგობრებსაც აფრთხილებდა.
გურამ რჩეულიშვილის ბავშვობის მეგობარი ნუგზარ წერეთელი, რომელიც შემდეგ მისი პირველი ბიოგრაფი გახდა, ხშირად იხსენებდა მწერლის საბედისწერო წინათგრძნობას. ის მეგობარს ხშირად ეუბნებოდა, გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო:
„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“.
ნუგზარ წერეთელი ხშირად იხსენებდა ისტორიებს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობრის პიროვნებაზე ბევრს ამბობდა:
„გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები“, გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების“ საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები“ უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა, სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა, ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო… თვითონ კი კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით“.
„ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი. შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა…“
გურამს ცხოვრებაში 3-ჯერ ჰყვარებია. მისი მეუღლე ირინა ბეგიშვილი გახდა. მათი შვილი 10 თვის იყო, როცა გურამი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის გაგრის ზღვაში დასახრჩობად განწირული რუსი გოგოს გადასარჩენად შევიდა.
ნუგზარ წერეთლის მტკიცებით, გურამმა რუსი ქალიშვილი გადაარჩინა და ზღვაში სამი მამაკაცის დასახმარებლად შებრუნდა:
„რუსი გოგონა უფრო ნაპირისკენ იყო და ის უცებ გამოაგდო. სამი კაცი იყო ამ დროს ზღვაში – ორი რუსი და ერთი ქართველი. დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა. შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც ალავერდში. შეეძლო, ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა“.
ამ ამბავზე გურამის მკითხველს მოთხრობა „ნელი ტანგო“ გაახსენდება.
სიუჟეტი ასეთია: ხარკოველი ცოლ-ქმარი ლიდა და ივანე შვილთან, იგორთან ერთად, სოხუმში ისვენებდა. იგორს ერთხელ ზღვიდან გამოსვლა შეაგვიანდა. შორს გასული ბიჭუნას თავი ნაპირიდან ძლივს მოჩანდა. ლიდამ, თითქოს რაღაც იგრძნო, წყალში შეცურა. ივანემ კი ამ ამბავს თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია. ქარმა რომ წამოუბერა და ტალღები ააქოჩრა, შეამჩნია, რომ ლიდას თავიც იცნო, დედა შვილის მიმართულებით მიცურადა. დაეჭვდა („ნეტავ რატომ არ ბრუნდება უკან, მთელი საათია, რაც შესულია“). თვითონაც ზღვაში შევიდა. ცოლ-შვილამდე, დაახლოებით, რვაასი მეტრი იცურა. საშინელებას გადააწყდა: ძალაგამოლეულ იგორს ძარღვები ესკვნებოდა, დედას აქამდე, მთელი სამასი მეტრი მანძილზე ეთრია, ახლა იმასაც ძალა ეცლებოდა, ღელვაც მატულობდა. ივანემ ცოლშვილთან ერთად სამშვიდობოს „წყლამდე“ მოაღწია. მაშველებმა სამივე გამოიყვანეს, თუმცა ივანე ვეღარ გადაარჩინეს. მას ნაპირთან გული გაუსკდა.
ამ მოთხრობის დაწერის მიზანზეც ერთ-ერთ ჩანაწერში თავად ავტორი საუბრობს:
„დღემდეც კი, წარმოიდგინეთ, მხვდება ხალხი, რომელიც მეკითხება – რა მიზნით დავწერე „ნელი ტანგო“ და ხომ სწორია ის, რომ სიკვდილი არაფერია და ცხოვრება თავისი გზით გრძელდება. ცხოვრების თავისი გზით გაგრძელების შესახებ, რასაკვირველია, სწორია, მაგრამ ნაწარმოებში ეს ამბავი იმიტომ კი არ არის მოცემული, რომ სიკვდილი არაფერია, არამედ იმიტომ, რომ ავტორისათვის უზარმაზარი ტრაგედიაა თავისთავად სიკვდილი და ის გარდაუვალი ფაქტი, რომ მაშინვე, ახლო წამშიც კი, ცხოვრება თავისი გზით გრძელდება. ეს ჩემი განწყობა, როგორც ეტყობა, ნაწარმოების სუსტი, მხატრულობის გამო, შიგ არა ჩანს – ეს ერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მე მხვდება როგორც გადმომღერებელს ევროპული თუ ამერიკული „დაკარგული თაობის“ მოტივებისა. სასურველი იქნებოდა, რომ ჩემმა თეორიულმა ნაწილმა, მხატვრულთან კავშირში, გააქარწყლოს ეს შეხედულება და ჩვენ (საზოგადოებამ, თქვენ და მე) ერთმანეთის პირდაპირ, გულწრფელად დავუწყოთ თვალებში ყურება“
„ნელი ტანგო“ მისი ერთადერთი წინასწამეტყველური ნაწარმოები არაა.
ავტობიოგრაფიული მოთხრობა „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“ რჩეულიშვილმა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაწერა, სადაც დანანებით ამბობდა, რომ სიკვდილი შორს იყო და სიცოცხლე უნდოდა…
„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?“ – ამბობდა საკუთარ თავზე გურამ რჩეულიშვილი.
შემდეგ მურმან ლებანიძე იტყვის:
„ნელი ტანგოა” ეს ქვეყანა,გურამ!
ხომ არ იცეკვებო, – ათასჯერ მორიდებით მკითხეს!…
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
„გურამი დამხრჩვალაო”, –
სხვათა შორის ბიჭებმა მითხრეს…”
კომენტარები