რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი მკვლელობის შესახებ, მედიით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთი მოკლულის შვილი აცხადებს, დაკავებულ პირს, გიორგი ორველაშვილს, რომელიც 4 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამავე ინფორმაციით, ბრალდებულმა კლინიკა ორი თვის წინ დატოვა და ნაქირავებ სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა.
„ფსიქიატრიულში მკურნალობდა, რაც გამოუშვეს ეგ უბედური, ისიც, რომ გამწარდა და ეს ხალხიც. ყველა მაგას ლაპარაკობს ბაზრობაზე, ფსიქიატრიულში წოლილა და ვერ ყოფილა ცოტაო, სახლი რომ დაწვა თუ დაეწვა, ეგ გაგებული მაქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
„მამაჩემი მოკლეს. ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ, ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად. გიჟს რად უნდა მიზეზი?“ – აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაული შურისძიებას უკავშირდება, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მოვაჭრეების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით, ორი თვის წინ, ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა.
თავის მხრივ, მძიმეა დაჭრილის მდგომარეობა, ის კლინიკაში რჩება.
„პაციენტი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღის მიერ მიყენებული მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე. ამ წუთს უტარდება ლაბორატორიული კვლევები და იმყოფება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე შეყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე, რომლის შედეგის მერეც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა“ – აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. თავდასხმაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
კომენტარები