ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„მსჯავრდადებული სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ლოგიკით ჩემთვის სრულიად გაუგებარია საუბარი, რომ მისი თავისუფლება დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.
არ ვიცი, ვისი მეშვეობით აგზავნის ის წერილებს. ალბათ ადვოკატების მეშვეობით და ეს წერილები ქვეყნდება „ფეისბუკზე“. თუ ვინმეს მოუწოდებს, გარკვეული პოლიტიკური ქმედებები შეასრულონ, ვისურვებდი, რომ არცერთი გარეთ მყოფი პოლიტიკოსი არ დაემორჩილოს მის მოწოდებებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ასევე არც პასიური საარჩევნო ხმა, მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა. საპარლამენტო რესპუბლიკაში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა და თუ პირი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ იქნება, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რანაირად მონაწილეობს პოლიტიკაში, აბა? თუ ის მართავს ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას, ეს არის თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობა“, – აცხადებს ბრეგაძე.
კომენტარები