ბოლივიაში პრეზიდენტისთვის განკუთვნილი მედალი მოიპარეს, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი განსაკუთრებული შემთხვევების დროს იკეთებს. 1825 წელს ოქროს მედალი, რომელიც ბრილიანტის თვლებით არის გაწყობილი, ბოლივიის კონგრესმა სამხრეთ ამერიკის ეროვნულ გმირს სიმონ ბოლივარს აჩუქა. ინფორმაციას გამოცემა CGTN-ი ავრცელებს.
მედალი ბოლივიის პრეზიდენტისთვის ევო მორალესისთვის ქალაქ კოჩაბამბაში ერთ-ერთ ოფიცერს უნდა ჩაეტანა, რომელიც იქ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა. ოფიცერი ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე აეროპორტიდან უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, მან ავიარეისზე დაიგვიანა. სანამ ახალ რეისს ელოდებოდა მედალი მანქანაში დატოვა, მანქანა კი ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში იდგა.
ამასთან, პრეზიდენტის მედალი, რომელიც ბოლივიის ბანკში მდებარე სპეციალურ ოთახში ინახება, დაკარგვის დროს ჩვეულებრივ ზურგჩანთაში იდო. გამოცემის ცნობით, ქურდებმა მანქანის მინა ჩაამტვრიეს და ჩანთა გაიტაცეს. ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ ეს ქურდობა დიდი ბრიტანეთის დედოფლის სამეფო გვირგვინის ქურდობას შეადარა.
სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ლიდერი ცხელ კვალზე დააკავა. ის პერუს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიცია ჯგუფის სხვა წევრების დაკავებასაც ცდილობს. ასევე დაკავებულია ოფიცერი, რომელმაც მედალი მანქანაში უყურადღებოდ დატოვა. მას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.
საბოლოოდ მედალი იპოვეს – დამნაშავეებმა ის ლა-პასეს ეკლესიაში დატოვეს. გამოცემის ცნობით, ისინი შეშიდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ზურგჩანთაში სახელმწიფო მნიშვნელობის ნივთი იდო. დამნაშავეებმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიას დაურეკეს და მედლის ადგილმდებარეობა აცნობეს.
ქვეყნის პრეზიდენტისთვის სამხედრო აღლუმზე მედლის დროულად ჩატანა ვერ მოხერხდა, 8 აგვისტოს აღლუმზე ის მედლის გარეშე წარდგა.
კომენტარები