
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მალე იძულებული გახდება გადადგეს, – ამის შესახებ Politico ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ნეთანიაჰუს, როგორც მთავრობის მეთაურის დღეები დათვლილია.
როგორც გამოცემა დასძენს, ბაიდენის ვიზიტი თელ-ავივში მხარდაჭერის ნიშანი იყო, მაგრამ პირადად მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს სიფრთხილისკენ მოუწოდა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ურჩია ნეთანიაჰუს, რომ უკვე ეფიქრა იმაზე, თუ რა გამოცდილებას გაუზიარებდა შესაძლო მემკვიდრეს. ალბათ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის თავის თანამდებობაზე ისრაელის ომის დასრულებამდე ვერ გაძლებს.
როგორც ამბობენ, ნეთანიაჰუ დასუსტებულია და რეიტინგი დაცემულია 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის გამო.
ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს კარიერის მომავალი პრეზიდენტს არ განუხილავს და არც განიხილება.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
კომენტარები