ბაბუაწვერა უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რომლებსაც თერმული დამუშავების დროსაც ინარჩუნებს. ბაბუაწვერას მურაბა შესანიშნავი საშუალებაა, რომ გაზაფხულის სიახლე და ენერგია ზამთრამდე შეინახოთ.
ბაბუაწვერას მურაბის სასარგებლო თვისებები
ევროპაში ამ პროდუქტს „ბაბუაწვერას თაფლს“ უწოდებენ. ის განსაკუთრებით პოპულარულია ვეგანებს შორის. მურაბის შემადგენლობა საოცრად მრავალფეროვანია. მისი ყვავილები ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინს, პიგმენტს ლუტეინს, B ჯგუფის, ასევე E, PP და A ვიტამინებს შეიცავს. ბაბუაწვერას ყვავილი მდიდარია ცილით – დაახლოებით, 5%. შედარებისთვის, მცენარეთა სამყაროს აბსოლუტური ჩემპიონი – სოიო 13% ცილას შეიცავს.
ბაბუაწვერა მდიდარია ნატრიუმით, სპილენძით, სელენით და მანგანუმით. შეიცავს ფოსფორის და კალიუმის, კალციუმის, რკინის მარილებს და უზარმაზარი რაოდენობით C ვიტამინს.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას მურაბას იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს ქრონიკული ცისტიტი და გაციება.
პროდუქტის გამოყენებას ურჩევენ ასევე ემოციური, ფიზიკური სტრესისა და ძილის დარღვევების დროს.
ბაბუაწვერას მურაბის უკუჩვენება
ალერგიული ადამიანებისთვის ბაბუაწვერას პროდუქტების მიღება შეიძლება საზიანო იყოს. ბაბუაწვერა შეიცავს იოდს და ლატექსს, ამიტომ უნდა მოერიდოთ, თუ რომელიმე ამ პროდუქტზე ალერგიული ხართ. მურაბის მიცემა არ შეიძლება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით.
ბაბუაწვერას მურაბის მომზადება
მურაბის მომზადებამდე გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია ყვავილები გზებისა და საძოვრებისგან მოშორებით დაკრიფოთ, სადაც არ არის მტვერი და სისუფთავეა. მოერიდეთ გაზონებს, რომლებსაც ხშირად ქიმიკატებით ამუშავებენ.
5 ულუფა მურაბის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
- ბაბუაწვერას ყვავილები და წყალი – 4-4 ჭიქა
- ლიმონი – 1/3 ცალი
- შაქარი – 2,5 ჭიქა
მომზადება:
1. 4 ჭიქა ბაბუაწვერას ყვავილი თასში ჩაყარეთ და დაასხით წყალი მწერებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად. 5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ყვავილები თუშფალანგზე დატოვეთ, ზედმეტი წყლის დასაწრეტად.
2. ყვავილები სქელძირიან ქვაბში გადაიტანეთ და 4 ჭიქა წყალი დასხით. დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი.
3. ქვაბი მაღალ ცეცხლზე დადგით. როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და მურაბა 30 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და 6 საათის განმავლობაში გააგრილეთ.
4. გაციებული მურაბა დოლბანდში გაწურეთ. მშრალი მასა გადაყარეთ, მურაბის წვენი კი დაბალ ცეცხლზე დადგით.
5. მურაბის წვენს შაქარი თანდათან დაამატეთ, თან ურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას.
6. გააგრძელეთ ხარშვა სასურველ სისქემდე.
7. ბოლოს კი გაგრილებული მურაბა ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ მშრალ ქილებში და თავი მჭიდროდ დაახურეთ.
კომენტარები