
“ბაბიკ, გილოცავ შენს დღეს, ჩემო შეუცვლელო, მოუნელებელო ტკივილო და მარადიულად ჩვენთან მყოფო ბაბილინ.
ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების, ძლიერების და კიდევ უამრავი თვისების მაგალითო. ვიცი, რომ მაქედან სულ გვერდით ხარ და ბევრ რამეში მეხმარები მე პირადად.
რა დონეზეც მენატრები შენ კი იცი, შენ გადარეულო. ვიცი, რომ არ გიყვარს ამ წიკი-წიკი ტექსტებს რომ გააშვანშვარებენ ხოლმე. ხოდა, აი, ხომ ხედავ, მოკლედ დავწერე, ჩემო ბაბიკ” – წერს ჯგუფ “ნიუტონის” დრამერი, ლევან ჯოჯო აბშილავა ფეისბუქზე.
“ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, ბაბი მძიმე სენთან ოთხ წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2019 წლის 26 მარტს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა წინა დღეს გაუარესდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ბაბის შემოქმედებითი ცხოვრება არ შეუწყვეტია, აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებში, წერდა სიმღერებს. მეტიც, პირველი ოპერაციის შემდეგ, საქართველოს რეკორდი დაამყარა – 25 საათის განმავლობაში, პიანინოზე შეუსვენებლად დაუკრა.
მუშაობდა “რუსთავი 2”-ის მუსიკალურ პროექტებზე, “ბასტი ბუბუს” სტუდიაში.
მუსიკოსს, რომელიც დღეს 35 წლის გახდებოდა, დარჩა ქალიშვილი, რომელიც ბებიასთან და დეიდასთან იზრდება, ფოთში.
აი, როგორ იხსენებდა მეგობარს ლევან აბშილავა “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ლევან აბშილავა: ცხოვრება მართლაც რთული და სასტიკია. თუნდაც, ბოლო პერიოდში. ჩემი მეგობარი ბაბი დაიღუპა და მთელი ოთხი წელი მასთან ერთად ვებრძოდი იმ საშინელებას, რაც სჭირდა. მისმა მეგობრებმა მასთან ერთად გავიარეთ ის საშინელი დღეები, ვებრძოლეთ სიკვდილს და მაინც დაგვამარცხა – წაგვართვა ბაბი.
ბოლო წამამდე ეგონა, გადარჩებოდა და რეანიმაციაში რომ შეჰყავდათ, მაშინაც მესიჯებს მიგზავნიდა. ისეთ „დუხზე“ იყო, მომავალ „ლაივზე“ ერთად უნდა დაგვეკრა. არ მიგვაჩვია იმას, რაც სჭირდა. არ მიგვაჩვია უმისობას და ამიტომ, მის გარეშე ახლა უფრო გვიჭირს. ქიმიას იკეთებდა და იქიდან პირდაპირ რეპეტიციაზე მოდიოდა. მე და შაკო ვეხვეწებოდით, ნუ იტვირთავ თავს-მეთქი და ბოლო ერთი წელი, თითქმის მის გარეშე გვიწევდა დაკვრა.
მისი წასვლით ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. დავკარგე მეგობარი, ოჯახის წევრი, ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. ერთად დიდი ძალა ვიყავით სცენაზე – მე, შაკო და ბაბი და მისი გარდაცვალება წარმოუდგენელი ტრაგედია იყო. მისი წასვლით ყველაფერი დამაკლდა, მეგობრობიდან – მუსიკალურობამდე.
ვიცი, რომ ის ჩვენთან არის, ამას ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვხსნი. ბაბიმ, მისი შვილის, ნინუცას სახით, შეუფასებელი რამ დაგვიტოვა. რაც მასთან დაკავშირებით სურდა, სამეგობრო მივხედავთ. იმ ბავშვს დეიდაც ჰყავს, ბებიაც, ბიძებიც, უპატრონო ნამდვილად არ არის, მაგრამ ნინი, დედის გარდაცვალების მერე, ჩვენი შვილობილი გახდა. ძალიან უხარია ჩემი და შაკოს დანახვა. ბაბის საფლავზე ვიყავით ჩასული და ნინიმ ეზოში რომ დაგვინახა, გიჟივით გამოქანდა და ჩაგვეხუტა. ისე გაუხარდა, თვალები უბრჭყვინავდა. მისი ჩახუტებით ის სითბო გადმომცა, რაც ბაბისთვის კიდევ დიდი ხანი უნდა გაენაწილებინა. ძალიან ნიჭიერია. ფიზიკურადაც და ნიჭიერებითაც, ბაბის ჰგავს, მისი იდენტურია. ნინი ჯგუფ „ნიუტონის“ შვილი გახდა. ცხოვრების ბოლომდე ჩემი და შაკოს შვილობილი იქნება…
კომენტარები